ჩემი პოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონზე იყო მყარი და შენარჩუნებული იქნება ბოლომდე - რომან კაკულია

18:26 01-15-2018
93

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პრეზიდენტის შენიშვნების ნაწილს მაუწყებლობის შესახებ კანონში, იზიარებს.

როგორც კაკულიამ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები იყო და ის, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა, გუნდის ძლიერ მხარედ მიაჩნია და არა კატასტროფად მის შიგნით. 

"გვქონდა გუნდში კონსულტაციები, რომ ჩვენი პოზიცია ჩამოგვეყალიბებინა, ამიტომ ჩემი პოზიცია იყო მყარი, აბსოლუტურად გააზრებული და შენარჩუნებული იქნება ბოლომდე, პირადად ჩემს მიერ. სხვის მაგივრად, ცხადია, ვერ ვილაპარაკებ. გამოთქმული შენიშვნებიდან, შესყიდვების ნაწილში ახლანდელ ვეტო-ში არ ვეთანხმებით, რადგან თავის დროზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია, რომ კანონმდებლობა მოსულიყო კანონმდებლობა ევროპულთან შესაბამისობაში მოსულიყო, რომელთანაც 2018 წელს უნდა მოვიდეთ თანხვედრაში. ამ ნაწილში, მაუწყებელმა გაითავლისწინა და კანომდებლობა მოიყვანა შესაბამისობაში. ამიტომ ამ ნაწილში, ჩვენ ეს მივიღეთ. ჩვენი შენიშვნები ეხებოდა რეკლამას და სტარტაპებს და ამ ორ ნაწილში შენიშვნები შენარჩუნებული იქნება. არიან ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკოსები, რომლებიც საერთოდ არ არიან შესაძლოა დაინტერესებული იმით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი განვითარდეს, და რაღც ნაწილში თუ ჩემი პოზიცია თანხვედრაშია მათ პოზიციასთან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამის გამო უარი უნდა ვთქვა ჩემს ხედვაზე. იმასაც მინდა გამოვეხმაურო, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდის ძლიერ მხარედ მიმაჩნია და არა რაღაც კატასტროფად გუნდის შიგნით და თუ ადამიანები საკუთარი რწმენით, ცოდნით და ანალიზით მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, ეს არის ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი, რაც ახლა ჩვენ გვაქვს, როგორი იქნება ეს თანაფარდობა, ეს გამოჩნდება სესიაზე", - განაცხადა დეპუტატმა.  

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს პრეზიდენტის ვეტო-ს კენჭისყრაზე, დეპუტატი აცხადებს, რომ ის მისი პოზიციის ბოლომდე ერთგული დარჩება.

"მე დავუჭერ მხარს ჩემს პოზიციას, რომელიც მქონდა და დავრჩები იმ პოზიციაზე ბოლომდე. იმ ნაწილში საკითხების მიმართ პოზიცია არ შეიცვლება, შესაბამისი იქნება ჩემი გადაწყვეტილებაც", - განაცხადა დეპუტატმა. 

დღეს პრეზიდენტმა ვეტო უკვე მეთერმეტედ გამოიყენა, თუმცა, ეს შესაძლოა, ის პირველი შემთხვევა იყოს, როცა პარლამენტი ვეტოს ვერ დაძლევს და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ მთავარი ცვლილება ვერ შევა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე