ქართველი ემიგრანტების საახალწლო კონცერტი ნატო გელაშვილთან ერთად იტალიაში - exclusive

14:10 01-16-2018
1296

საქართველოს თითოეული მოქალაქე რომ საკუთარი ქვეყნის ელჩია საზღვრებს გარეთ, ყველა სულით ქართველს, კარგად აქვს გაცნობიერებული. სწორედ ამიტომაა, რომ ფლორენციის წმ. ნინოს სახელობის ტაძართან არსებული გალობა-სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “ნანილა” (რომელიც მეოთხე წელია არსებობს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას კურთხევითა და არქიმანდრიტ ანდრია ლაცაბიძის ხელმძღვანელობით), სამშობლოს საუკეთესო კუთხით წარმოსაჩენად, არაფერს იშურებს. ემიგრანტებისგან დაკომპლექტებული ანსამბლის კონცერტები საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხა, სრულიად ხმარდება საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ადამიანებს.

14 იანვარს, ძველით ახალ წელს, ანსამბლმა ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო ქართველ და იტალიელ მაყურებელს. ამჯერად, “ნანილასთან” ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოდან ჩამოსულმა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის სტუდენტმა ზაზა ზურიაშვილმა და   ყველასათვის საყვარელმა ნატო გელაშვილმა და დაუვიწყარი წუთები აჩუქეს საქართველოს მონატრებულ თანამემამულეებს.

თავის მხრივ, ვერც ქალბატონმა ნატომ დამალა ემოციები საოცრად თბილი დარბაზისა და ანსამბლის პროფესიონალიზმის გამო: “ნამდვილად არ ველოდი ასეთ აკადემიურ კონცერტს. მოვლილი მაქვს მსოფლიო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემიგრაციაში, მსგავსი კონცერტი, არსად მინახავს. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ესენი არიან პროფესიონალები. აბსოლიტურად არ მქონია იმის განცდა, რომ მე ვიყავი პროფესიონალი და ჩემს გვერდით რომელიმე მოყვარული იდგა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე რომ ხვალ კიდევ მომიწვიონ, უფრო სერიოზულად მომზადებული უნდა წამოვიდე, რადგან თვითონაც ასეთივე დამოკიდებულება აქვთ. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ დაბრაზში არ ვიჯექი და ვერ ვუყურე კონცერტს. მე ქედს ვიხრი “ნანილას” წინაშე.

საქველმოქმედო კონცერტს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმინდა საყდართან თამარ გრძელიძე, საქართველოს ახალდანიშნული კონსული იტალიაში თამთა რჩეულიშვილი და კონსულის მოადგილე სოფიკო ქოჩქიანი.

თამთა რჩეულიშვილი: პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ამ ლამაზი საღამოს ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებაში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ანსამბლ ,,ნანილას’’ წევრებსა და ხელმძღვანელებს, რომლებმაც ასეთი საღამო აჩუქეს ქართველ ემიგრანტებს და ხელს უწყობენ ქართული კულტურის პოპულარიზაციას და დადებითი იმიჯის შექმნას იტალიაში. ფასდაუდებელია საზღვარგარეთ მოქმედი სამრევლოებისა და ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების წვლილი ჩვენი მოქალაქეების ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.  

აღსანიშნავია ამ კონცერტის მნიშვნელობა, ვინაიდან იგი იყო საქვემოქმედო და შემოსული თანხა მოხმარდება საქართველოში მყოფ გაჭირვებულ ოჯახებს. სასიხარულოა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველები ძალისხმევას არ იშურებენ სამშობლოში მყოფი თანამემამულეების დასახმარებლად.

სპეციალურად „პრაიმტაიმისთვის“ ნინა მამუკაძე იტალიიდან (ფლორენცია)

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი