მარგველაშვილი საპრეზიდენტო მარათონში არ ჩაერთვება - მთავარი მოლოდინი

15:24 01-17-2018
330

ავტორი:ქეთი ხატიაშვილი

 

 

ყველა არჩევნებს თან თავისი ინტრიგა ახლავს. გასული წლის მთავარი ინტრიგა კახა კალაძე იყო - თბილისში ის პირველ ტურში მოიგებდა თუ არა, ამაზე პოლიტიკურ ფსონებსაც ჩამოდიოდნენ. 

ახლა 2018 წლის საპრეზიდენტო მარათონის მთავარი ინტრიგა გიორგი მარგველაშვილია. ბოლო-ბოლო აპირებს ის კენჭისყრას თუ არა? აქვს ამ კაცს პოლიტიკური ინტერესები თუ არა? მოქმედი პრეზიდენტი პოლიტიკოსების, ოპოზიციისა და საზოგადოების ცნობისმოყვარეობას მალე დააკმაყოფილებს. პირად საუბრებში მან თქვა, რომ საკუთარი განზრახვის შესახებ თებერვალში გამოაცხადებს.  

გიორგი მარგველაშვილის მოქმედების სტილს თუ გავითვალისწინებთ თებერვალში ის საარჩევნო რინგზე უარს იტყვის და საპრეზიდენტო მარათონში არ ჩაერთვება. მოლოდინების შექმნა, მოვლენების ეპიცენტრში მოქცევა და შემდეგ „დანებება“ ხომ მისთვის დამახასიათებელია. ასე იყო თუნდაც კონსტიტუციის მიღების დროს. პარლამენტს ის რადიკალურადაც კი დაუპირისპირდა, საბოლოოდ კი მკაცრი კრიტიკისა და ვეტოს დადების შემდეგ, დოკუმენტს ხელი მოაწერა. ასევე მოიქცა მოსმენების კანონზეც. მმართველი პარტია ჯერ მკაცრად გააკრიტიკა, შემდეგ პროექტს ვეტო დაადო, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტი კანონმდებლობისთვის არა თუ არ შეუთავაზებია ვეტოდაძლეულ კანონს მოაწერა ხელი. 

ასე რომ, არ არის გამორიცხული პრეზიდენტი მარგველაშვილი ახლაც ასე მოიქცეს. ექსპერტების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ კი მას მოგების გარანტიები არ ექნება, საპრეზიდენტო რინგზე ბრძოლას მოერიდება. სავარაუდოდ, წაგების შიშით. ეს ფობია ქართულ პოლიტიკაში უკვე დიდიხანია არსებობს. მის შესანიღბად, როგორც წესი, ბოიკოტს იყენებენ ხოლმე. ასე იყო, მაგალითად, იგივე ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში. 

როგორც ჩანს, თებერვალში ჯერ მარგველაშვილის პასუხს გავიგებთ, აპრილში კი პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ ფსონების ჩამოსვლას. ჯოკერის გამოჩენას არენაზე არავინ ელის, ძირითადად მხოლოდ კოზირები გამოვლენ. ვის მაღალი კოზირი ჰყავს და ვის დაბალი, ამას NDI კვლევებშიც ვნახავთ. 

მანამდე კი მმართველ პარტიაში ისევ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას განიხილავენ, მას კი შს მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის - ძალოვან უწყებაში საკმაოდ შთამბეჭდავად დაიწყო მუშაობა და ბევრის ყურადღებაც მიიქცია. 

რაც შეეხება ოპოზიციას, ყველაზე მეტი საპრეზიდნეტო კანდიდატი „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს: დავით ბაქრაძე ორჯერ ავიდა საპრეზიდენტო რინგზე, ჯერ კიდევ ნაციონალების მმართველობის დროს საუბრობდნენ გიგა ბოკერიასა და გიგი უგულავას საპრეზიდენტო ამბიციებზეც. თუმცა, ისინი დახურულ კარს მიღმა შეთანხმდებიან ერთიან კანდიდატურაზე - ხმაურსა და სკანდალებს მათგან არ უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ნაციონალებს. მათ ლიდერის პრობლემა ნამდვილად აქვთ. ამ ეტაპზე ორ კანდიდატურაზე შეიძლება იფიქრონ ნიკა მელისა და ზაალ უდუმაშვილზე. 

სავარაუდოდ, მარათონში გირჩებიც ჩაერთვებიან. სავარაუდოდ, ისინი ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატს წამოაყენებენ. თუმცა, არ არის გამორიცხული სხვა კანდიდატსაც დაუჭირონ მხარი.

ამ ეტაპზე საპრეზიდენტო მარათონში ჯერ მხოლოდ შალვა ნათელაშვილი დგას. ოღონდ მისი საბრძოლო პოზა დიდად არც არავის აშინებს და არც არავინ აქცევს ყურადღებას. თუმცა, ენაკვიმატობა მისი საფირმო ნიშანია და ამ სიამოვნებას ის არც ამ საარჩევნო რინგზე მოგვაკლებს.

რაც შეეხება გასული არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გმირს, რომელმაც მეორის ტიტული ნაციონალების სახეს ზაალ უდუმაშვილს ჩამოართვა, ჯერ მხოლოდ ორაზროვანი განცხადებებით იფარგლება. ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ პარტიას შექმნის, თუმცა, პირადად იყრის კენჭს თუ ვინმეს დაუჭერს მხარს ჯერ უცნობია. ადგილობრივ არჩევნებში მისი მხარდაჭერა ალასანიას ყოფილ პარტიას და უსუფაშვილი-ხიდაშელისგან  მიტოვებულ რესპუბლიკელებს სურდათ, თუმცა, ალეკომ მაშინ ამ მხარდაჭერაზე უარი თქვა. გათვლა სწორი იყო - თბილისის მერობის მარათონში ის მეორე ადგილას სწორედ უპარტიობის წყალობით გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნებში კი პარტიის მხარდაჭერა უბრალოდ აუცილებელია.