"არცერთი ასეთი ფაქტი არ მახსენდება..." - აბაშიშვილი უარყოფს, რომ პრეზიდენტმა ნარკორეალიზატორები შეიწყალა

17:56 01-17-2018
146

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ქართული ოცნების დეპუტატს გია ვოლსკის პასუხობს, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ნარკორეალიზატორები შეიწყალა.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ქართული ოცნების მიერ აგორებული შავი პიარი.

ცალკეულ ქეისებზე საუბარი სამწუხაროდ არის ქართული ოცნების შავი პიარი. ამაზე არ ვისაუბრებ. ვიცი რა პრეზიდენტის განწყობა, ნარკორეალიზატორებთან შეურიგებელ პოლიტიკაში, მეეჭვება მსგავსი ფაქტი იყოს. არცერთი ასეთი ფაქტი არ მახსენდება, - განაცხადა აბაშიშვილმა. 

აბაშიშვილი უარყოფს, თუმცა „პრაიმტაიმის“ მიერ სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით, ცალსახად დასტურდება, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი მსჯავრდებული სწორედ ნარკოტიკების შემოტანა-რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს. კერძოდ, სამინისტროდან მოწოდებულ სიაში დაფიქსირებულია სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლის საფუძველზეც იხდიდნენ სასჯელს შეწყალებული პირები. მათ შორისაა 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც სწორედ ნარკორეალიზაციას გულისხმობს. 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოტანაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტი შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც დაადასტურა. 

„კი ბატონო, ორ უვადო მსჯავრდებულს შეეხო შეწყალება და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მათ დაუდგინდათ ვადიანი სასჯელი. ამ ადამიანს საკმაოდ დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანას ედავებოდნენ. თქვენ უნდა წაიკითხოთ ეს საქმეები და ჩამოგიყალიბდებათ შინაგანი რწმენა შეიძლებოდა თუ არა მას ჰქონოდა უვადო მსჯავრი. კომისიის წევრები გაეცნენ ამ საქმეს და ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზვიად ქორიძემ. 

გამომდინარე იქიდან, რომ პატიმართა საქმეები პერსონალური ინფორმაციის მატარებელია, „პრაიმტაიმი“ იდენტიფიცირებისგან თავს იკავებს, თუმცა ჩვენს მიერ მოძიებული ინფორმაციით,  დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანა–რეალიზაციაში მსჯავრებულ ორი პირს, რომლებსაც უვადო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, პრეზიდენტის შეწყალებით სასჯელის ვადად 2023 წელი დაუდგინდათ და შესაბამისად საპატიმროს 5 წელში დატოვებენ.  ორივე მათგანი 2008 წელს დააკავეს. ერთს (ა.გ–ს) 281,9 გრამი, მეორეს (ჯ.კ–ს) კი 2 ე.წ. „ბაში“ „ჰეროინი“ აღმოაჩნდა.

 

ლილუ მიროტაძე