"ერთობით და სიყვარულით გავიტანოთ თვალცრემლიანი მონატრების წლები შორეული უცხო ცის ქვეშ" - ემიგრანტის დღიურები (Exclusive)

17:38 01-21-2018
1093


საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობა არ მცირდება. ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ქართველი ემიგრანტები საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდიან. თითოეული მათგანი ამბობს, რომ  საქართველოში დაბრუნდებიან, თუმცა  აღნიშნავენ რომ სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო დროს ელოდებიან. „პრაიმტაიმის“ ემიგრანტის დღიურების რუბრიკის სტუმარია ქართველი ემიგრანტი ფიქრია კუჭუხიძე, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიში იმყოფება. 

- მოგვიყევით ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ და რა მიზეზით წახვედით საზღვარგარეთ? 
- დავიბადე აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოსში, მამა16 ცლის ასაკში დამეღუპა. მყავს სამი და, ვერიკო პროფესიით ექიმი, მირანდა ქიმიკოსი და შორენა მასწავლებელი. ჩემს დებს შორის მხოლოდ ვერიკო არის გათხოვილი, რომელსაც 8 შვილი და 2 შვილიშვილი ყავს. ადვილი არ არის, 16 წლის ასაკში დაობლდე და გაუძლო იმ სირთულეებს, რაც 90-იანი წლების თაობამ გადავიტანეთ. ბოლო წუთამდე მინდოდა სამშობლოს არ მოვშორებოდი, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ გრჩება, თავისთავად ეს ნაბიჯიც უნდა გადადგა. 2009 წლის გაზაფხულზე დიდი წვალების ფასად ემიგრანტის გზას დავადექი. ჩემი ოცნების ქვეყანაში, იტალიაში მოვფრინავდი და არ მიფიქრია, აქ რა მელოდა. იმედი მქონდა და მჯეროდა, რომ ჩემს მიზანს ერთი 1 %-ით მაინც შევასხამდი ფრთებს. მიუხედავად, ბევრი განვლილი ტკივილიანი დღეებისა, მადლობა ამ ქვეყანას, რომ მიმიღო და ჩემი თავი მაპოვნინა ჩემს საქმიანობაში.

- წასვლაში ვინ დაგეხმარათ? 
- იტალიაში პირველად ტურისტულად ჩამოვედი. ჩემი მასპინძელი იყო არაჩვეულებრივი იტალიელი გვიდო ანიელი, რომელიც ქართველი ქალბატონის მეუღლე იყო, ამჯერად გარდაცვლილია, მაგრამ მის ხსოვნას დღემდე პატივს ვცემ. მეორედ ჩამოსვლის შემდეგ კი დავრჩი.​

- ამჟამად რას საქმიანობთ და როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი? 
- ჩემი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია. თუმცა უბედნიერესი ვარ, როცა  სამსახურის ძებნაში  გალეული უიმედო და მშიერი დღეები მახსენდება. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ვმუშაობ. ჩემი სამუშაო არის ნებაყოფლობითი, ვარ სინდიკატო cis-ის anolf-ის  საემიგრაციოს ქართულენოვანი ოპერატორი. ჩვენი ოფისი ყველა ეროვნების ხალხს ემსახურება.  გარდა ამისა, დავდივარ შეხვედრებზე, ვხვდები ემიგრანტებს, ღონისძიებებზე და ეს ყველაფერი სასიამოვნოა. გარდა ამისა, პარალელურად, უკვე 8 წელია, რაც ოჯახში ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში სახლს ვალაგებ. ცოტა დამღლელია, მაგრამ შრომის გარეშე ანაზღაურება არ არსებობს.

 - რას გვეტყვით ცხოვრების პირობებზე?
- რაც შეეხება ცხოვრების პირობებს, მიმაჩნია, რომ ყველაგან თავად ხარ ცხოვრების პირობების ავტორი. თუმცა, ემიგრანტის ცხოვრების პირობებზე მარტო მე ვერ ვისაუბრებ. საერთო ჯამში ურთულესია, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ნორმალურია საქართველოსთან შედარებით.

- ურჩევთ თუ არა ქართველებს საზღვარგარეთ წასვლას და რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ოჯახის მიტოვება?
- რთული კითხვაა. ვერ გაიგებს საქართველოში არა მცხოვრები რატომ ეუბნები უარს. მაგრამ ვისაც ჩამოსვლის სურვილი აქვთ იმათ ვურჩევ: ყველაფრისთვის მზად იყვნენ, როდესაც გადაწყვეტენ გახდნენ ემიგრანტი. მართებულობაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქართველოში ოჯახი არ მყოლია. ზოგადად კი გეტყვით, რომ მართებულად არ მიმაჩნია ოჯახის მიტოვება. ძნელი სათქმელია რა დღეს გადის ქართველი დედა უცხო მიწაზე. დედა ყველაფერს წირავს და ჩაფერფლილი გულით ასრულებს უმძიმეს სამუშაოს. დედების ბედნიერი საახეები უნდა ნახოთ, როდესაც ისინი პირველ გზავნილებს აკეთებენ.​

- თქვენი სამსახურიდან გამომდინარე ალბათ საქართველოს საელჩოსთან გაქვთ ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა, ურთიერთობა საქართველოს საკონსულოსთან ურთიერთობა მაქვს.  გავიხსენებ საქართველოს ყოფილ კონსულს ბ. ვახტან ანდღულაძეს, რომელიც მზად იყო ნებისმიერ განხორციელებულ ზარზე ეპასუხა და შეძლებისდაგვარად მხარშიც დაგვიდა. მინდა თქვენი საშუალებით მას დიდი მადლობა გადავუხადო უანგაროდ გაწეული დახმარებისთვის. ამჯერად საკონსულოს ახალი წარმომადგენლები ჰყავს, ბარიში ორჯერ განახორციელეს ჩამოსვლა და ვიმედოვნებ უფრო მეტად გააქტიურდება ემიგრაციასთან ურთიერთობა.

- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას და რას ფიქრობთ შორი გადმოსახედიდან?
- ვაპირებ თუ არა ჩამოსვლას, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ, რადგან ინტერვიუს წაკითხვის დასასრულს მკითხველი თავად მიხვდება პასუხს. უბრალოდ ვიტყვი, რომ მე ორი სამშობლო მაქვს, მშობლიური გახდა ჩემთვის იტალია. ეს არის ქვეყანა, რომელმაც შეშინებული ქართველი ემიგრანტი ჩამიხუტა და სტუმრად ჩასული თავისთან დამტოვა. ხოლო მეორე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ჩემთვის დიდი ტკივილია. 8 წლის მერე უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დატოვეს და გამოიქცეს ქვეყნიდან. სიახლეებისკენ პროგრესი უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვხედავ. ჩვენს სამშობლოში სიღატაკე და სიმდიდრე ხელჩართულ ბრძოლაშია.

-  და ბოლოს, რას უსურვებთ ქართველ ემიგრანტებს?
- ქართველი ემიგრანტები უცხო ქვეყნის მიწაზე მარგალიტებად არიან მიმოფანტული. ემიგრანტები მსოფლიოს აუწონავი სიმდიდრეა. ემიგრანტებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მათ იმედებს უფლის მადლი არ მოკლებოდეს. ყველამ ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელი და ასე ერთობით, სიყვარულით გავიტანოთ თვალცრემლიანი მონატრების წლები შორეული უცხო ცის ქვეშ. მიყვარხართ!.

 

 

ავტორი: თეონა აბესაძე