პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

20:33 01-23-2018
315

მთავრი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს  თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე  გაჩერებული იქნა „მერსედესის“ ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჯ.ხ.-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 22 აბი,  ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ  რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“-ს შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი. 

ბრალდებულის სახით დაკავებულმა ჯ.ხ.-მ ითანამშრომლა გამოძიებასთან და დაკითხვისას აჩვენა  (შემდგომ სასამართლო პროცესზეც მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა), რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები მას თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გ.გ.-მ გადასცა, საქართველოში კონკრეტული პირისთვის ტრანსპორტირების მიზნით. საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება გ.გ-სა და ჯ.ხ.-ს ერთ პერიოდში  თურქეთის რესპუბლიკაში ყოფნის ფაქტი. 

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ოპერატიული ღონისძიებების გატარებით, სამართალდამცველების მიერ დადგენილი იქნა გ.გ.-ს ადგილსამყოფელი. 2017 წლის 25 იანვარს ბათუმიდან ტაქსით თბილისში მიმავალი გ.გ. გაჩერებულ იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე. მისი პირადი ჩხრეკისას,  ქურთუკის ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენორფინის“ შემცველი 45 აბი და 4 აბის ნატეხი. 

ჯ.ხ. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იგი  წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ  ჯ.ხ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე, ამ უკანასკნელის შესაძლო თანამონაწილეების მიმართ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს შს სამინისტრო, ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე