მომღერალი გია გაჩეჩილაძე კონკურენციის სააგენტოს მიერ "სიტროენ ჯორჯიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას სპეციალურ ბრიფინგზე გამოეხმაურა.
როგორც გაჩეჩილაძემ აღნიშნა, როცა განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ კოკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს.
"მოკვლევა არ იწყება, თუ სერიოზული ეჭვი არ გაჩნდა. ზუსტად ის ეჭვი, რაზეც მე ვლაპარაკობდი და რაზეც მეუბნებოდნენ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი და ბოდვა, რასაც ეს ადამიანი ამბობსო, არ აღმოჩნდნენ მართალი. ამიტომ გილოცავთ, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველოში ასეთი რაღაცები აღარ მოხდეს, რასაც ქვია ქვეყნის ბიუჯეტის "უპრაგონოდ" ხარჯვა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, რაზეც პრემიერი საუბრობდა, იმას აუდიტის სამსახურმა პასუხი გასცა.
"ჩვენ რომ სულ არაფერი ვილაპარაკოთ, აუდიტის სამსახურმა თქვა, რომ ასეთი რაღაცები ასებობს. თავის თავში გაერკვნენ და ისე გაგვცენ პასუხი. არიან ჯგუფები, რომელსაც უნდა სიმართლის დადგენა, მეორეს არ უნდა და შიგნითაც მიდის ჭიდაობა, ყოველშემთხვევაში, დასკვნა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს მიერ, მასში 100%-ით იგრძნობა, რომ ხადური არ არის თავისუფალი. ყოველშემთხვევაში ის, რომ მე ვიყავი აბუსურდების და ბოდვის გამავრცელებელი თანამედროვე მედიასივრცეში, ყველაზე უფრო ძალიან რაც გამიხარდა, აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. დანარჩენი რა იქნება და როგორ, ვნახოთ. აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ხადურის უწყებასთან, ასევე სასამართლოსთან. თუ ფულის მიცემები და მოსყიდვები არ ატყდა, მივაღწევთ აუცილებლად ჭეშმარიტებას", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სიტროენ ჯორჯია“, რომელიც გია გაჩეჩილაძის სიძეს, გიორგი შარაშიძეს ეკუთვნის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილებას ედავება და კარტელური გარიგებების არსებობაზე საუბრობს.
დავის ერთ-ერთი მიზეზი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათი რეანომობილის შეძენის ტენდერია.
გასული წლის დეკემბერში გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.
გაჩეჩილაძის ბრალდებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს.
„თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც“, – ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ მიერ მის მიმართ არსებულ ბრალდებებს.