თბილისში, ტაქსის მძღოლების ლიცენზია შესაძლოა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„პრაიმთაიმი“ დაუკავშირდა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს - დავით მესხიშვილს, რომლის განცხადებით ეს იდეა საბოლოო ჯამში ემსახურება იმას, რომ ერთი ან ორი წლის პერსპექტივაში საგადასახადო რეგულაციები დაწესდეს.
„მიმაჩნია, რომ ეს განცხადება არ არის მომზადებული და კითხვა ისმის თუ რას მოგვცემს ეს? დღეს მთავარ არგუმენტად გაიჟღერა, რომ უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და კომფორტული ტაქსები. ეს არის მცდარი არგუმენტი, იმიტომ რომ ავტომობილების ტექნიკურ გამართულობას, ტექნიკური ინსპექტირება ადგენს. რას ნიშნავს ტექნიკურად გამართული ტაქსი? ყველა სხვა დანარჩენი ტრანსპორტი ტექნიკურად გაუმართავი უნდა იყოს? ეს მიდგომები მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, იმიტომ რომ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება,რომელიც მოძრაობს უნდა იყოს გამართული. ჩემი ეჭვია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ დაწესდეს საგადასახადო რეგულაციები.“ - აღნიშნავს დავით მესხიშვილი.
მისივე თქმით თუ რეგულაცია იქნება დაწესებული, ტაქსების ტარიფები გაორმაგდება.
,,ევროკავშირის ქვეყნებში რეგულაციის დაწესება ძალიან ძვირი ღირს და ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ტაქსით მგზავრობა გახდება ძვირი ფუფუნება და მოგვიწევს მგზავრობა ორმაგ ფასად. ამიტომ ისინი, ვინც იაფიანი ტაქსებით ვმგზავრობთ, უნდა გადავჯდეთ ავტობუსებში და სხვა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რომლის საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაგრამ ის უბრალოდ არ არსებობს. - ამბობს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით მერიის მხრიდან ამ თემაზე არ იყო წარმოდგენილი გეგმა, რათა აუხსნან ტაქსის მძღოლებს თუ რა მიზნით უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
„უნდა აუხსნან ტაქსის მძღოლებს მიზეზი, თუ რატომ უნდა გაიარონ რეგისტრაცია. არ იყო წარმოდგენილი გეგმა. ეს არის თვითდასაქმების ერთ-ერთი წყარო, ამიტომ მერიის მხრიდან აუცილებელია ფაქიზი დამოკიდებულება“ - დასძინა მან.
ავტორი: საბა ხვიჩია