ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელების გაწელვა ხდება - დავით სუბელიანი

22:47 01-27-2018
159

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი, დათო სუბელიანი, დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით "განსხვავებული აქცენტების" ეთერში საუბრობს.

დავით სუბელიანი ხელისუფლებას აკრიტიკებს.

„გვაქვს ბინძური პოლიტიკური პროცესი, არასამართლიანი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც ძალიან ძნელი ხდება იმის გარკვევა, თუ საით წავა პოლიტიკა და მართლა მოხდება თუ არა რეფორმა,“ - განაცხადა სუბელიანმა.

დათო სუბელიანი აღნიშნავს, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხორციელების გაწელვა ხდება.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი აცხადებს, რომ საქართველოში ნარკოპოლიტიკა დღეის მდგომარეობით ყველაზე მკაცრია.

„ეს არის სახელმწიფო, რომელიც მიზანმიმართულად ეძებს, ხარჯავს უამრავ ფულს, რომ გამოავლინოს ნარკოტიკების მომხმარებელი, მოახდინოს მისი რეპრესირება დასჯის, სტიგმატიზირების, ფინანსური ჯარიმების დაკისრების სახით და მეორე მხრივ, ეს არის სახელმწიფო, რომელიც, თითქმის, არაფერს არ აკეთებს პრობლემასთან გასამკლავებლად. ჩვენ ვართ სამარცხვინო ქვეყანა, რომელიც ამტკიცებს, რომ უნდა, რომ ნარკომანიას ებრძოლოს, მაგრამ საგანმანათლებლო სისტემაში არ არსებობს არცერთი პირველადი პრევენციის მექანიზმი,“ - განაცხადა დათო სუბელიანმა.

დათო სუბელიანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გაცემული რეკომენდაცია პარლამენტმა კანონში უნდა ასახოს.

დათო სუბელიანი აცხადებს, რომ ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს და ადეკვატური სასჯელი დაწესდეს.

მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ორ ეტაპად წარიმართა და დიდ ნაწილზე შეთანხმება შედგა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე