„რატომ არ შეიძლება თუნდაც ილიკომ კლუბში ერთი-ორი ჭიქა დალიოს. ისიც ადამიანია. ამის გამო ნარკომანი უნდა ეძახონ?“ - exvlusive

14:51 01-29-2018
1667

„ცეკვა ქართულით“ დასათაურებულმა „სუხიშვილების“ ახალმა პროექტმა, საზოგადოების დიდი ყურადღება და არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია. ნაწილი სუხიშვილების ახალ საკლუბო პროექტს აკრიტიკებდა, ნაწილი კი ილიკოს გენიოსს უწოდებდა. „ცეკვა ქართული“, ულამაზეს ნუცი ბეჟაშვილთან ერთად, სუხიშვილების ერთ-ერთმა სოლისტმა, მურმან გაგოშიძემ გახსნა. სწორედ მურმანს ესტუმრა „პრაიმტაიმი“ სუხიშვილებში. ის ერთ-ერთი პედაგოგიც გახლავთ. უკვე ორი წელია, მურმან, იგივე მურო გაგოშიძე სტუდიის ბავშვებს თანამედროვე ქართულ ცეკვას ასწავლის. 

– როგორი მოსწავლეები გყავს?

– ნორმალური. გოგოები მყავს სულ. ბიჭები რატომღაც ვერ მოვიზიდე. 

– იმ კრიტიკის ბრალი ხომ არაა, რაც თქვენს ახალ პროექტს მოჰყვა ბოლო პერიოდში?

– როგორ გითხრათ. გააჩნია, ვის როგორ ესმის. ყველას თავისი ხედვა აქვს. ყველას აზრს პატივს ვცემ. წეღან რომ მოხვედით, გითხარით, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ამ ოჯახში-მეთქი. ეს მართლაც ოჯახია, ერთი დიდი, თბილი, სიყვარულით შექმნილი ოჯახი. მე ამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ვარ. ეს ამბავი ისე მივიღე, როგორც ოჯახის შეურაცხყოფა. კრიტიკა ორგვარი ვიცი მე. ჯანსაღი და სხვანაირი. იმ სხვანაირს კრიტიკა არც ჰქვია. არ მესმის კრიტიკის, რომელიც ადამიანს პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს. 

– რა იყო შენთვის განსაკუთრებით მიუღებელი ამ გამოხმაურებიდან?

– ვერ ვიგებ აგრესიას ილიკოს მიმართ. გული მწყდება, რომ ასე იქცევა ქართველი ხალხი, იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართულის დაცვაში. ჩვენმა წინაპრებმა ეგ გვასწავლეს? რომ შეურაცხყოფა მივაყენოთ ადამიანს, რომელმაც სწორედ წინაპრის დანატოვარი შეინარჩუნა, მოუარა, დახვეწა და დღემდე აზიარებს ახალ თაობას? რატომ არ შეიძლება, თუნდაც ილიკომ, კლუბში ერთი-ორი ჭიქა დალიოს. ისიც ადამიანია. ამის გამო ნარკომანი უნდა ეძახონ? ასეთი რამ როგორ შეიძლება? 

– „დაბოლილთა როკვა“ დაარქვეს ერთ-ერთ ცეკვას ამ პროექტიდან...

– ყველაფერს ყურადღება რომ მივაქციოთ და ავყვეთ, არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან. 

– მე რამდენადაც ვიცი, ნაჩქარევად გაკეთებული პროექტი იყო, ილიკომ ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, მთავარი კონცერტის მერე, უბრალოდ, გავერთეთო...

– ჰო, ისაუბრა ამაზე ილიკომაც და ქალბატონმა ნინომაც... გული მწყდება რაღაცებზე... ერთმა მსახიობმა ილიკოს შარჟიც კი გააკეთა. მეცნობა ეგ ბიჭი, სადღაც ნანახიც მეყოლება. დასახვეწი აქვს შარჟი ნამდვილად. მე მგონია, რომ ილიკოს, როგორც დიდ განძს, ისე უნდა მოუაროს საქართველომ და ქართველმა ხალხმა. მისი საუბრიდან, თუ კეთილი თვალით შეხედავ და მოუსმენ, ბევრ სასარგებლოს მიიღებ. ცუდი თვალი და ბოროტება კარგს არაფერს მოგვიტანს. მე მინდა ვთხოვო ჩვენს ქართველ ხალხს. გენიალურმა კაცმა თქვა, ყველამ ჩვენ-ჩვენ საქმეს მივხედოთ და გვეშველებაო. მე ვიცეკვებ, მომღერალი იმღერებს, შენ დაწერ, გადაიღებ, არავის საქმე არ არის ადამიანის პირადი ცხოვრება. ყველამ თავის ცხოვრებას რომ მიხედოს, უკეთესი იქნება, ჩემი აზრით.

– მაგრამ იმავე სოციალურ ქსელში იყვნენ ისეთებიც, ვინც გენიოსს უწოდებდა ილიკოს, ვინც ტაში დაუკრა თქვენს ახალ პროექტს...

– ასეც უნდა იყოს. როგორ არ უნდა მოეწონოს ქართველ მაყურებელს ჯერ ერთი ის, რომ ამდენ სიახლეს ეძებს ეს ადამიანი და ისე აჩვენებს, რომ ახალგაზრდობაც დააინტერესოს. ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამ ადამიანზე, მის შემოქმედებაზე, მის ოჯახზე. ჯობია, მივიღოთ ისე, როგორც გადმოგვცემს, მოვუსმინოთ მის თითოეულ სიტყვას, დავუკვირდეთ, გავიაზროთ.

– თავად თუ გქონდა შენიშვნები, როცა ამ ცეკვებს უყურე? იყო რაიმე დასახვეწი, რასაც შეცვლიდი, გამოასწორებდი?

– პირველი ყოველთვის დასახვეწია. დარწმუნებული ვარ, ისეთი გამოვა, როგორიც ამ ოჯახს ეკადრება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ მეც და ყველა ჩვენი მოცეკვავეც.

– შენ თქვი, რომ ეს შენი ოჯახია. რამდენი წელია, რაც აქ ხარ?

– მთლიანად 15 წელია, აქედან 4 წელი სტუდიაში ვიყავი ბატონ დათო უგრეხელიძესთან და 11 წელია, რაც ანსამბლის წევრი ვარ.

– და უკვე მოსწავლეებიც გყავს... ახლა რა პროექტზე მუშაობ შენს მოსწავლეებთან?

– ყოველ წელს დასკვნითი ჩვენება გვაქვს ხოლმე, გამოდიან სტუდიის წევრები და აჩვენებენ ჩვენი ანსამბლის ცეკვებს სხვადასხვანაირი ფორმით. ამჯერად ვმუშაობთ პროექტზე „რამიშვილები“. დანარჩენს ამასთან დაკავშირებით წლის ბოლოსთვის შემოვინახავ. იქ ვიტყვით ჩვენს მთავარ სათქმელს სცენიდან.

 ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი