ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დღეს, ვარკეთილის მეტროში მომხდარ ამბავს თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს.
„მე მგონი მთელი ეს დისკუსია პრობლემაა. ყველა მერის დროს გაკეთებული შეიძლება გაფუჭდეს ან ჩამოვარდეს. ამაზე პოლიტიკური კივილი, წარსულში ყურება, ნიშნის მოგება, ასოების დატოლება - ვინ უფრო მაგარია - ის წინაღობაა, ლიბრია თვალებში, რომელიც წინ გახედვის საშუალებას არ გვაძლევს. ახლა რომ კმაყოფილები ვართ (და ქართულ ოცნებას ნიშნის მოგებით, თუნდაც სამართლიანად, თავში ვურტყანთ, როცა აეროპორტის ან იუსტიციის სახურავს ვაძახებთ) ეგეც პრობლემაა. გულს ვიფხანთ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ - წერს ევროპული საქართველოს ლიდერი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში უგულავა ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების ალტერნატიული ნარატივის ჩამოყალიბება. წერილის ბოლოს მან დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
ავტორი: საბა ხვიჩია