„ეს კომპანია 2015 წელს, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა“ - ლევან ხაბეიშვილი კომპანიაზე, რომელმაც ვარკეთილის მეტროში, სარემონტო სამუშაოები ჩაატარა

16:32 01-30-2018
164

დღეს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის ფაქტს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის “ წევრი - ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა. „პრაიმთაიმთან“ საუბრის დროს ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ შპს „ყვარელრემმშენი“, რომელმაც ვარკეთილის მეტროში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა,  2015 წელს შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში მოხვდა.

„ჩვენი ინფორმაციით ეს კომპანია 2015 წელს იყო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში. ასევე ცნობილია, რომ იქამდე სანამ ეს კომპანია ვარკეთილის მეტროს სარემონტო სამუშაოებს დაიწყებდა,  2016 წლის 3 ნოემბერს, თბილისის მერიამ დისკვალიფიკაცია მისცა ახმეტელის მეტროს სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის “ წევრმა, ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას არაერთხელ უსაუბრია ისეთ ხელშეკრულებებზე, რომელზეც კომპანიას არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. ასევე კომპანიებზე, რომლებსაც საეჭვო რეპუტაცია აქვთ, თუმცა მისი განცხადებით მმართველი გუნდი მათ საუბარს სპეკულაციას უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ
ვარკეთილში.. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

ავტორი: საბა ხვიჩია