ლორა თორნტონმა ბოდიში მაინც მოიხადა

18:33 01-30-2018
273

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა რამდენიმე დღის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერილი პოსტის გამო ბოდიში მოიხადა.

NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, მისი მიზანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობისთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა.

"კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს", – წერს ლორა თორნტონი.

ჯერ კიდევ გუშინ, თორნტონი აცხადებდა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებდა.

"მე ვარ ამერიკის მოქალაქე. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელზეც პოზიცია ჩემს პირად გვერდზე გამოვხატე. ამისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ", - უთხრა ლორა ტორნტონმა ტელეკომპანია "იმედს".

საქმე ლორა თორნტონის ფეისბუქის პოსტს ეხება. რამდენიმე დღის წინ მან დაწერა: 

"გუშინ ღამით "იმედის" ჟურნალისტმა მკითხა, ხომ არ გეგმავდა NDI-ი აშშ-ის და რუსეთის სამხედრო ძალებზე კითხვის ფორმულირებით ამერიკის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. ხმამაღლა გამეცინა. ტრამპი რუკაზე საქართველოს დიდი ალბათობით ვერც იპოვის, არათუ თვალს ადევნებს აქ ჩატარებული კვლევის შედეგებს! მაგრამ მე მომწონს ვარაუდი, თითქოს ამხელა გავლენა გვაქვს!". 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე