რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

21:40 01-30-2018
165

რადიო თავისუფლების (RFE/RL) ქართული სამსახურის დირექტორი დავით კაკაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია თავად კაკაბაძემ დაუდასტურა.

კაკაბაძის თქმით, ხელმძღვანელების გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ამ კონკრეტულ ხალხს, ვინც ახლა რადიოს ხელმძღვანელია, არ უყვარს, როცა ეკამათებიან, არ ეთანხმებიან. ახლანდელი ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, რეიტინგს აქცევს ყურადღებას და ქართული სამსახურის "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობის მომხრე იყო.

იმ პირობებში, რა პირობებშიც დღეს საქართველოს მედია გარემოა, ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი პარტნიორები, რომლებიც ნაკლებად არიან ასოცირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან," - ამბობს კაკაბაძე და ამატებს, რომ ამ საკითხზე ქართულ სამსახურში სრული ერთსულოვნება იყო.

RFE/RL-ის სათაო ოფისის მენეჯმენტსა ქართული სამსახურის ხელმძღვანელს დავით კაკაბაძეს შორის უთანხმოების შესახებ რამდენიმე დღის წინ, 23 იანვარს გახდა ცნობილი. 25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე