"შეწყალების აქტი არის ჰუმანური აქტი და როცა ამ პროცესს წარმართავს პრეზიდენტი და წარმართავს შეწყალების კომისიის დახმარებით, მთავარი მიზანი არის, რომ უფრო მეტად გამოჩნდეს ჰუმანური ბუნება სახელმწიფოსი", - ასე ხსნის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე იმ ცვლილებებს, რომელიც შეწყალების წესში შედის.
ზვიად ქორიძის თქმით, არაძალადობრივი დანაშაულებების მიმართ ჰუმანური პოლიტიკა შეამცირებს დანაშაულების ზრდას ქვეყანაში.
"სახელმწიფო არ არის მხოლოდ დამსჯელი, მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი, არამედ იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ბუნება სასჯელის ოდენობა, თავად მსჯავრდებულის ტიპაჟი და ყველა ეს ინფორმაცია მოგვცემს საშუალებას ხელი უნდა შევუწყოთ უფრო მეტ რესოციალიზაციაში. არაძალადობრივი დანაშაულების მიმართ ჰუმანური მიდგომა შეამცირებს ზოგადად დანაშაულების ზრდას ქვეყანაში და პრეზიდენტი ასეთი მიდგომით სთავაზობს ამ ცვლილებებს მსჯავრდებულებს", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
შეგახსენებთ, რომ არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.
შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.
ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამრთლო ინსტანციაში, ან გავა ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.
სალომე ჩადუნელი