ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, წინააღმდეგი არ არის, რომ არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი შეიცვალოს. ხუხაშვილის თქმით, შეწყალების წესთან დაკავშირებით, სააფრთხეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ეს არის კომპლექსური თემა და პენიტეციალური სისტემა ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ადამიანი გამოსწორდეს. ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმს" პრეზიდენტის ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.
"საწინააღმდეგო, ნამდვილად არაფერი არ მაქვს, რომ არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალება უფრო გამარტივებული წესით მიმდინარეობდეს და უფრო მასშტაბური სახე ჰქონდეს. არამგონია, რომ ვინმე იყოს ამის წინააღმდეგი თუ დანაშაული არაძალადობრივი და მძიმე არ არის. ასე რომ, ვფიქრობ რომ ეს ნორმალურია. საფრთხეები შეწყალების წესთან დაკავშირებით ყოველთვის არის, როდესაც ადამიანი ჩადის თუნდაც არაძალადობრივ დანაშაულს მისი ვადამდე თუ ვადაში გამოსვლა ყოველთვის განმეორებით რისკებს ყოველთვის შეიცავს. მაგრამ ეს არის კომპლექსური თემა. ადამიანი ახლა გამოვა თუ ერთი წლის შემდეგ თუ დანაშაულის ჩამდენია მაინც ჩაიდენს. პენიტეციალური სისტემა ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის რომ ადამიანი გამოსწორდეს, შეეცვალოს მსოფლმხედველობა, აღარ ჩადიოდეს სამომავლოდ დანაშაულს, დასაქმების საკითხები უნდა იყოს გადაწყვეტილი, რომ ციხიდან გამოსული ადამიანი არ იყოს გარიყული საზოგადოებიდან. ჰუმანურად, რომ მივუდგეთ ამ საკითხს მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, მითუმეტეს თუ ადამიანი ინანიებს და სასჯელაღსრულებას მის მიმართ არ აქვს პრეტენზიები. ვფიქრობ, რომ წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ცუდი არ იქნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.
შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.
შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ,,ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.
ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.