"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მისგან ამ ნაბიჯს ველოდით..."- ერეკლე დეისაძე

15:06 02-01-2018
1429

მუსიკოსი ერეკლე დეისაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას შეწყალების წესში ცვლილებებთან დაკავშირებით, ელოდა.

ამის შესახებ მუსიკოსმა პრაიმტაიმთან საუბარში აღნიშნა. მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტთან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ხვდებოდნენ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი მარგველაშვილს ბოლომდე აქვს გააზრებული ამ პრობლემის არსი. 

პრეზიდენტის ეს ნაბიჯი რაღაც მხრივ, ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან როდესაც გვქონდა შეხვედრა მასთან და ვესაუბრეთ, მივხვდით, რომ ბოლომდე გააზრებული აქვს ამ პრობლემის არსი, თუ როგორი სერიოზულია და შესაბამისად, ქმედით ნაბიჯებს ველოდებოდით მისი მხრიდან. რა ფორმით და როგორ იქნებოდა, არ ვიცოდით, მაგრამ გამარტივება უკვე ერთი ნაბიჯია იმისკენ, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ, რომ სახელმწიფო გახდეს ადამიანზე ორიენტირებული და არ იყოს დასჯადი. დღევანდელი განცხადებაც ამას მეტყველებს, რომ ეს არის პირველი სიგნალი, რომელიც მან თავის თავზე რაღაც მხრივ აიღო და ეს სიგნალი უნდა გაიაზრონ საკანონმდებლო ორგანომ, სახელმწიფო უწყებებმაც და მიიღონ როგორც ნაბიჯი - უფრო მოტივირებული, ჰუმანური პროცესისა ადამიანის მიმართ, - განაცხადა დეისაძემ.

კითხვაზე, რამდენად ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საკანომდებლო ორგანოს მხრიდან ნაბიჯებიც მოჰყვება, მუსიკოსი ფიქრობს, რომ მიუხედავად პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებისა, პარლამენტმა მას შესაბამისი რეაქციით უნდა უპასუხოს. 

თუ იმ ფონს გავითვალისწინებთ, რაც ქვეყანაშია, ვგულისხმობ პრეზიდენტის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობას საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი კარგად ხვდება, საითაა სიმართლე, ამიტომ მგონია, რომ პირადი ანგარიშწორების მომენტი გვერდზე უნდა გადადოს საკანონმდებლო ორგანომ და პრეზიდენტის ამ ინიციატივას უნდა უპასუხოს შესაბამისი რეაქციით, რომ ის კანონი, რომელიც პარლამენტში დევს, მიიღოს და საბოლოოდ გადაწყდეს ეს პრობლემა, - განაცხადა დეისაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.

შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულებები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა-ტრანზიტისა.

შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ ნარკოტრიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე