შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხეს ვერ ხედავს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, იმაზე, რომ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია, სამინისტრო აქტიურად მუშაობს და იმ კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული, ვიზიტიც იგეგმება.
"ორგანიზებული დანაშაული, როგორც მთავარი პრობლემა დაფიქსირებული რ ყოფილა. დაფიქსირებული იყო გარკვეული ზრდა თავშესაფრის მაჩვენებელთან მიმართებაში, კონკრეტულად ერთ სახელმწიფოში. სახელმწიფოსთან აქტიურად ვმუშაობთ პოლიციის ატაშეს მეშვეობით, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. უახლოეს პერიოდში დავგეგმავთ ვიზიტს და ჩვენს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, მე აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა გახარიამ.
თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) ინფორმაციით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 %-ით გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში თავშესაფრის მაძიებელთა 1465 ახალი განაცხადი დარეგისტრირდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში 879-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, თავშესაფარზე უარი მიიღო. დაკმაყოფილდა მხოლოდ 13-ის განაცხადი.