საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ უმრავლესობის ახალ ინიციატივაზე - "გირგვლიანის შესწორებები" დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნ8იშნა, ეს პრინციპული საკანონმდებლო საკითხია როგორც სამართლებრივ-პოლიტიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით.
"აღნიშნულ შესწორებებს უკუძალა არ ექნება და იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა ვერ მოხდება, ვინც წარსულ დროში მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა, მაგრამ კანონის მორალური დატვირთვის მცნება გაჩნდება, რომელიც ავტომატურად დაბლოკავს იმ ადამიანების სურვილს, რომ თანამდებობრივად ან პოლიტიკურად პოზიციები ჰქონდეს.
თუ ვინმე თვლის, რომ მურუსიძე მოსამართლე არ უნდა იყოს, მეც მათ შორის ვარ. საჯარო დისკუსია აიძულებს ამ ადამიანებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან წავიდნენ. როდესაც “გირგვლიანის შესწორებების” მსგავსი საკითხი არ გესმის, კვალიფიკაციის პრობლემა დგება, ხოლო თუ ამ შესწორებების მნიშვნელობა ესმით და წინააღმდეგობის გაწევა ხელოვნურად ხდება, მაშინ მავნებლობასთან გვაქვს საქმე და ეჭვი გვიჩნდება, რომ სააკაშვილის დაკრულზე ხდება ცეკვა.
ჩვენს წარსულსა და ბრძოლას დიდი ფასი აქვს და ვიცით, წინა ხელისუფლებას რისთვის ვებრძოდით, რა შევცვალეთ და რისი გაკეთება გვინდა. ამ პროცესის დამწყები არის სანდრო გირგვლიანი და ამიტომ ჰქვია ამას “სანდრო გირგვლიანის” შესწორება. როდესაც ასეთ ცვლილებებს ეწინააღმდეგები, ან პოლიტიკურად ბრიყვი ხარ, ან მავნებლობ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივაზე, ე.წ. "გირგვლიანის შესწორებებზე" ისაუბრა და განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ უნდა იყოს იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს.