"რაც ჩემთან ჩაიდინეს ეს არის ტერაქტი" - თემირლან მაჩალიკაშვილის მამა

20:36 02-02-2018
117

იმედს ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებენ - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მამამალხაზ მაჩალიკაშვილმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" პროკურორთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე ახალი არაფერი არ უთქვამთ . 

"თბილისში, რომ მოვდიოდი სულ სხვა კითხვებს და ატმოსფეროს ველოდებოდი. საუბრის დაწყებისას ბატონ შოთაძემ გაიხსენა ის ფაქტი, რატომაც არ ამოვიდა ხეობაში. ბატონი ირაკლი შოთაძე ახალგაზრდა და ენერგიული კაცია და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერს ობიექტურად გამოიძიებენ. მაგრამ ვხედავ, რომ ეს ყველაფერი გაჭიანურდება. ჩემი მოთხოვნა არის დაისაჯონ ის პირები ვინც დაგეგმა ოპერაცია, ვინც მოიყვანა სისრულეში ეს გასროლა, ვინც ჩაიდინა სასტიკი დანაშაული. ამას სასტიკ დანაშაულს ვუწოდებ იმიტომ, რომ აქ რომ იძახიან ტერაქტს ამზადებენო, ტერაქტს არსად ამზადებდნენ. ტერაქტი ჩემთან ჩაატარეს ოჯახში. მე და ჩემი ოჯახი ყველანი მძევლად აგვიყვანეს და 3 საათის განმავლობაში ჩაკეტილი ვყავდით  და მეორე სართულზე 19 წლის შვილი მომიკლეს, რომელიც არაფერში არ არის გარეული" - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, შეცდომა დაუშვეს და სხვა ადამიანი იყო სამიზნე. მისი თქმით, მან არ იცის ალმადოვი არის თუ არა დამნაშავე. 

"მისამართი შეეშალათ, პირველი დღიდან ვიძახი და ვგრძნობდი. მართალია ისინი ხელის აწევისა და განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ, მაგრამ ყველაფერს თვალს ვადევნებდი, რაღაც პანიკაში იყვნენ. მაღლა, სადაც თემირლანს ეძინა, იქვე იდო დიპლომი, რომ გადაშალეს და წაიკითხეს, მაშინ მიხვდნენ ისინი ვინ მოკლეს", განაცხადა მაჩალიკაშვილის მამამ.