შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვის გადადება, შესაძლოა მისი დასუსტებისთვის გამოიყენონ - ღვინიანიძე

19:50 02-05-2018
85

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვა გადაიდო. დეპუტატებს დღეს ცვლილებებზე მეორე მოსმენით უნდა ემსჯელათ, თუმცა შეხვედრა ერთი კვირით გადაიდო. როგორც "პრაიმტაიმს" , EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორმა ლინა ღვინიანიძემ განუცხადა, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც ამ დროისთვის ეკონომიკის სამინისტრო არ ეთანხმება და ეს პერიოდი, რომელიც მათ აქვთ შესაძლოა კანონპროექტის დასუსტებისთვის იქნეს გამოყენებული. 

"ჯანდაცვის კომიტეტში იყო მცდელობა, რომ მეორე მოსმენა გამართულიყო, თუმცა მოსმენის დაწყებისთანავე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც არის მთლიანად შრომის უსაფრთხოების ავტორი არ გამოცხადდა სხდომაზე. მათი თხოვნით მოსმენა ერთი კვირით გადაიდო სამინისტროებს შორის დამატებითი კონსულტაციებისთვის. კომიტეტზე ცხადი გახდა ის მთავარი პრინციპული შეუთანხმებლობა, რომელიც არსებობს მთავრობის შიგნით, კერძოდ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მხრიდან დგება რამდენიმე საკითხი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან ამ დროისთვის. ეს ძირითადად შეეხება კანონის მოქმედების სფეროს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს მცდელობა, რომ კიდევ უფრო ვიწრო იყოს კანონპროექტის მოქმედების სფერო. მეორე სავარაუდო საკითხი არის სანქციების ოდენობა, რომელზეც განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომიკის სამინისტროს და მაქსიმალურად მცირე ოდენობით ხედავენ კანონპროექტში ამ საკითხის გათვალისწინებას. უნცაურია, მიუხედავად იმისა, რომ 8 თვიანი სამუშაო პროცესის ფარგლებში მიმდინარეობდა კომუნიკაცია როგორც უწყებებს შიგნით , ისე გარეთ,  კიდევ სჭირდება მთავრობას დამატებითი ერთი კვირა. ვფიქრობთ, რომ ეს პერიოდი გამოყენებული იქნეს კანონპროექტის კიდევ უფრო დასუსტებისთვის და ალბათ, ძალიან მინიმალური იქნება შანსი გაუმჯობესებაზე ვისაუბროთ", - განაცხადა ღვინიანიძემ