2016 წლის ივნისის თვეში სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ქუთაისის სასამართლოში პროცესი გაიმართება. აღნიშნულ საქმეზე ბრალი საქართველოს მორეგბეთა ეროვნული ნაკრების წევრს, მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი.
კვირიკაშვილს ბრალი 2017 წლის ოქტომბერში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
კვირიკაშვილის უფლებადამცველის განცხადებით საქმეში მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება. საპირისპირო პოზიცა აქვს ერთ-ერთი გარდაცვლილის, გიორგი პაპასკირის დედა ნანა თოდუას, მისი თქმით ავარის სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რადგან ის გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. თოდუა კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს.
როგორც ნანა თოდუა სოციალურ ქსელში წერს, ავარია სწორედ მერაბ კვირიკაშვილმა გამოიწვია, რომელიც BMW X5-ის მარკის ჯიპით 170-180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
”ამ ავარიაზე 2016 წლის ზაფხულში მთელი საქართველო ლაპარაკობდა. ავარიას ჩემი შვილი, 26 წლის გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია, მათი მეგობარი ანი ჩხაიძე და თავად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევის, რაგბისტის, მერაბ კვირიკავილის მეუღლე ემსხვერპლა. ერთი შეხედვით ცხადი იყო რა მოხდა და მაინც, წელიწადნახევარია სასამართლოში საქმის განხილვა წესიერად არც დაწყებულა. კვირიკაშვილი შეიძლება ძალიან კარგი რაგბისტი იყოს, მაგრამ ეს არ უნდა აძლევდეს მას პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის შესაძლებლობას. ყველამ, ცნობილმა მეცნიერმა, ხელოვანმა, სპორტსმენმა, თანამდებობის პირმა თუ უბრალო მოქალაქემ, ყველამ ერთნაირად უნდა აგოს პასუხი ჩადენილი დანაშაულისთვის. მე ასე მესმის სამართალი და კანონიერება”, - აცხადებს თოდუა.
მისივე თქმით, მერაბ კვირიკაშვილი და მისი ადვოკატი ცდილობენ ეჭვები გააჩინონ და ამ გზით გააბათილონ პროკურატურის არგუმენტები, რომელიც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს, ექსპერტიზის დასკვნას, მტკიცებულებებს და მოწმეების ჩვენებებს ემყარება.
”ფაქტია, რომ კვირიკაშვილი მოძრაობის წესების უხეში დარღვევით, სიჩქარის დიდი გადაჭარბებით მოძრაობდა თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. მის მიერ სიჩქარის გადაჭარბება დასტურდება არა მხოლოდ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ გაცემული თავდაპირველი დასკვნით, არამედ მოწმეთა ჩვენებებითაც. დიდი ექსპერტობა არ სჭირდება იმის წარმოდგენას, თუ რა სიჩქარით უნდა ემოძრავა BMW X-5 მარკის ჯიპს, რომ მისი ძრავა, მასზე 4-ჯერ უფრო მსუბუქ Nissan Tida-სთან შეჯახების ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით გადავარდნილიყო. გადაჭარბებულ სიჩქარეზე ისიც მეტყველებს, რომ „ნისანში“ მსხდომი სამივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო BMW X-5-ში მსხდომი 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩემი გაოგნება გამოიწვია კვირიკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნით დანიშნული განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნამ. ეს დასკვნა მოგონილ თეორიებზე დაყრდნობით არის ჩატარებული და სწორედ არაგონივრული ეჭვის დათესვას ემსახურება. განმეორებითი ექსპერტიზა, რომელიც იმავე ექსპერტიზის ბიუროში, სხვებთან ერთად, იმავე ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა, დაინიშნა ე.წ. ახალი გარემოებების გამოვლენის მომიზეზებით. ახალი გარემოება კი ის გახლდათ, რომ ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც ერთხელ უკვე ჰყავდა დაკითხული გამოძიებას, მაგრამ რატომღაც, ეს მნიშვნელოვანი „ახალი გარემოება“ მაშინ არ უხსენებია, თვეების შემდეგ რატომღაც „უკეთ გაახსენდა“ მომხდარი და თქვა, რომ კვირიკაშვილი მის წინ 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა, როცა გამოძიებისთვის უცნობი, მსუბუქი ავტომანქანა გამოუხტა, მასთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, კვირიკაშვილმა საჭე მკვეთრად აიღო მარჯვნივ, რის გამოც დღისით, სწორ, მშრალ ავტობანზე 90-100 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი BMW X–5 მარკის ჯიპი, თურმე „მოცურდა“ და უმართავი გახდა. ამ ზღაპარში სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ „კვირიკაშვილს არ შეეძლო დაჯახების თავიდან აცილება“, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არამიწიერი სიჩქარით (170-180 კმ/სთ) მოძრაობდა. ეს სიჩქარე იყო დაფიქსირებული სწორედ დარტყმის მომენტში (დამუხრუჭების შემდეგ) იმ ავადსახსენებელი მანქანის სპიდომეტრზე, რომელიც მაშინ ყველა ტელევიზიის კამერამ გადაიღო და ყველა საინფორმაციო გამოშვების ბადეში მოხვდა”, - აცხადებს თოდუა.