გადავწყვიტეთ, 100 ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რომელიც გამონაბოლქვის მხრივ, სიტუაციას შეამსუბუქებს - კახა კალაძე

10:26 02-08-2018
99

თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა დააანონსა. თბილისის მერის თქმით, ეს ავტობუსები ცოტათი მაინც შეამსუბუქებს იმ სიტუაციას, რომელსაც ძველი ავტობუსები გამონაბოლქვის მხრივ ქალაქს უქმნიან.

წინასაარჩევნოდ აქტიურად ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. აუცილებელია ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანა, რადგან ამ მიმართულებით არსებობს პრობლემები. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელმაც ყველანაირი რესურსი ამოწურა, არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ვსაუბრობდით, რომ ოთხი წლის განმავლობაში 700 ახალ ავტობუსს შემოვიყვანდით, და ჩავანაცვლებდით ყვითელი ავტობუსის პარკს. ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა და გადავწყვიტეთ, წელსვე შემოვიყვანოთ 100 ახალი ავტობუსი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. ძველი ავტობუსების პარკი პრობლემას უქმნის გამონაბოლქვის გამო ქალაქს, შესაბამისად, 100 ახალი ავტობუსი შეამსუბუქებს სიტუაციას, - განაცხადა კალაძემ.