დავარწმუნეთ მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ აქ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს - პაატა ბურჭულაძე

18:24 02-09-2018
110

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც საქალაქო სასამართლო დაალხოებით, 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა, ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პროკურატურა დაარწმუნა, რომ ფონდში არაფერი არაკანონიერი არ ხდებოდა.

ბურჭულაძე აბსურდს უწოდებს ინფორმაციას, რომ  ფონდის მიერ ოჯახებისთვის ნაყიდი სახლები უვარგისია და ამავე დროს, არაა გადაფორმებული.

"ეს შეკითხვა არც დასმულა, რადგან ყველამ იცის, ფონდი თვითონ კი არ ირჩევდა, არამედ იმ ოჯახის თანხმობით, სოცმუშაკის თანხმობით, იმას ნახულობდა გამგეობის და ჩვენი ფონდის წარმომადგენელი", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, თავიდან ფონდი ოჯახს სახლს უფორმებდა გაყიდვის უფლებით.

"მოხდა ისე, რომ პირველმა ოჯახებმა გაყიდეს სახლები და ბავშვები ისევ დარჩნენ ქუჩაში. ამის შემდეგ შევცალეთ და 10 წლის ვადით ვუფორმებდით ოჯახს, ოღონდ გაყიდვა არ შეეძლო. შემდეგ 10 წელი გავიდა და რამდენიმე ოჯახმა გაყიდა. ახლა გვაქვს პირობაში, რომ ოჯახს ეკუთვნის სახლი, ოღონდ სანამ ყველაზე უმცროსი ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი, მას გაყიდვის უფლება არ აქვს და მემგონი, ეს არის აბსოლუტურად სწორი",- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

მან ასევე დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზოგიერთ ოჯახს, ფონდის მიერ გადაცემულ სახლში კომუნიკაციების შეყვანის უფლება არ აქვს, რის გამოც  დენისა  და წყლის გარეშე უწევთ ცხოვრება.

ბურჭულაძის შეფასებით, საქმე მალე დაიხურება.

"ეს საქმე არ შეიძლება რომ არ დაიხუროს მალე, რადგან არ არის არაფერი. დავარწმუნეთ ჩვენ ბატონი მოსამართლე, პროკურორი და გამომძიებელი, რომ აქ არავითარ არაკანონიერს ადგილი არ აქვს",-ამბობს ბურჭულაძე.

ავტორი: ლილუ მიროტაძე