პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა იმიტომ გადაიდო, რომ მის გარშემო დამატებითი კონსულტაციები გაიმართოს.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.
„იმისთვის გადაიდო განხილვის ვადა, რომ ჩვენ დამატებით, სიღრმისეულად ვიმსჯელოთ კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მიზანი ყველას გვაქვს ერთი, თუმცა ვერ ვთანხმდებით მიზნის მიღწევის გზებზე. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სიღრმისეული მსჯელობა. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე მიიღწევა უკეთ მიზანი. მიზანი კი არის ნარკომოხმარების შემცირება და ასევე, ჰუმანური პოლიტიკის გატარება. მთავარია, ჩვენ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა მოგვცემს ამ მიზნის საუკეთესოდ მირწევის საშუალებას. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არცერთი მხრიდან სიღრმისეული არგუმენტები ჯერჯერობით არ მომისმენია. ყველას მოვუწოდებ, რომ წარმოადგინონ საკუთარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ყველაზე კარგად ვითარების გაუმჯობესება. ჩვენ გვჭირდება პოზიციების შეჯერება უმრვალესობის შიგნით, ასევე, უფრო ფართო ფორმატში - ოპოზიციასთან, არასაპარლამენტო სუბიექტებთან, არასამთავრობო სექტორთან, საპატრიარქოსთან და ნებისმიერ მხარესთან, რომელიც დაინტერესებულია ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.