"იმედია მანდატური არ გამიყვანს, კარგად ბრძანდებოდეთ..." - ნინო ჯანგირაშვილმა შეხვედრა დატოვა

14:02 02-16-2018
75

ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან კამათის შემდეგ, შეხვედრა დატოვა. 

"მე ვტოვებ შეხვედრას. იმედია მანდატური არ გამიყვანს. აზრი არ აქვს აქ დარჩენას. იმედია, საერთო ჩატში დეპუტატებს არ გაუიგზავნით შემდეგ შეტყობინებას, რომ ხმა მისცენ ამ კანონპროექტს. თქვენ ხართ დესტრუქციული, თქვენ ხართ მხარე. კარგად ბრძანდებოდეთ", - განაცხადა ჯანგირაშვილმა მას შემდეგ, რაც მასა და კობახიძეს შორის ტელევიზიებისთვის სარეკლამო ბაზრის მონაცემების წარმოდგენისას, კამათი მოხდა. 

ირაკლი კობახიძემ ჯანგირაშვილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან მას მონაცემებში 2012-2013 წლების მონაცემები შეყვანილი არ ყავდა, რადგან ამ დროს სარეკლამო ბაზარზე მნიშვნელოვანი მატება იყო ტელევიზიებისთვის. 

ამ წუთებში პარლამენტში ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. 

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ. 

აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიის წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა იანვრის ბოლოს გაიმართა.



ავტორი: ლილუ მიროტაძე