ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ამის მიზეზი ის გახდა, რომ კობახიძემ მას სათქმელი არ ათქმევინა.
როგორც ჯანგირაშვილმა განაცხადა, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ სათქმელი არ მათქმევინა. საუბარი ორი წინადადების შემდეგ გამაწყვეტინა და აზრის დასრულების საშუალება არ მომცა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ – კაცმა ათი-თხუთმეტი წუთი მეძახა, რომ ვატყუებ. სინამდვილეში ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები წარმოადგინა. მან თქვა, რომ სარეკლამო ბაზარი ბოლო წლებში იზრდებოდა. ჩვენ მოვიტანეთ მონაცემები, რომ ბაზარი 2014 წლიდან იკლებს, ხოლო მანამდე იყო მზარდი. ამაზე მეცა, გამაჩუმა, არ მალაპარაკა და თვითონვე თქვა, რომ ბაზარი 2013 წლამდე იყო მზარდი. ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის ამ კანონის ლობისტი. კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ახდენდა ზეწოლას, მან დეპუტატებს ჩატში ჩაუყარა მოწოდებები, რომ ხმა მიეცათ ამ კანონისათვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანგირაშვილმა.
ამ წუთებში პარლამენტში ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.