კობახიძე თვლის, რომ ჯანგირაშვილი და მურადაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ

17:57 02-16-2018
99

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ კავკასიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რუსთავი 2-ის წარმომადგენელი თამთა მურადაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემსახურებიან, რათა საზოგადოებრივ მაუწყებელზე იერიშის მიტანით, ხელისუფლებაზე მიიტანონ იერიში.

ამის შესახებ კობახიძემ ჯანგირაშვილისა და მურადაშვილის პროტესტი შეაფასა, რომლებმაც სხდომა დატოვეს. 

ზოგადად ვსაუბრობდი პოლიტიკურ შტურმზე და ამ შტურმის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ეს სუბიექტები, პარტიული აქტივი, რომელსაც ამ შემთხვევაში როგორც ჯანგირაშვილი, ასევე მურადაშვილი წარმოადგენდა, ამ შტურმის მონაწილეები არიან სხვა სუბიექტებიც. ეს შტურმი არის ახსნადი, თუმცა არავითარი გამართლება არ აქვს. არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდე იმ იდეას, რომ გინდა სოციალური გავლენა მოიპოვო ადამიანებზე, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, კონკრეტულად ვის პარტიულ ინტერესებს გამოხატავდნენ ეს ადამიანები, მისი თქმით, ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

არ ვგულისხმობ კონკრეტულად პარტიას, ეს არის ის პოლიტიკური წრე, რომელიც ფიქრობს რევანშზე. ეს რევანში, ბუნებრივია, ვერ შედგება, თუმცა თავიანთ ბრძოლას განაგრძობენ. ისინი არიან ერთგულნი საკუთარი პოლიტიკური პარტიის მიმართ. მათ აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა ზოგადად, ხელისუფლებაზე იერიშის მისატანად. საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო მაუწყებელი, და შესაბამისად, ის პროცესები, რომელიც ხორციელდება მაუწყებელში, მათ შორის კანონპროექტის სახით, დაკავშირებულია ხელისუფლებასთან და ისინი ცდლობენ საზოგადოებრივ მაუწყებელზე შტურმის მიტანით, მიიტანონ შტურმი ხელისუფლებაზე, თუმცა ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. საბოლოო ჯამშ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ არ გაიფლანგოს საბიუჯეტო თანხები ჩვენი მოქალაქეების, ისე, როგორც იფლაგნებოდა წლების განმავლობაში, ზუსტად იმ ხელისუფლების პირობებშ, რომელსაც წარმოადგენენ დღეს ჯანგირაშვილი და მურადაშვილი, - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს 5 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

მედიაორგანიზაციებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები აქვთ. ისინი უმრავლესობას მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო გაიზიარონ და მომზადებული ცვლილებები არ მიიღონ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე