გიორგი უშიკიშვილი: „გვინდა, ღირსეულმა გაიმარჯვოს და არა – ფულიანმა“ - exclusive

11:42 02-19-2018
605

„მხოლოდ ქართული“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლისთვისაც „რუსთავი 2“-ში უკვე დიდი სამზადისია. პირველად საქართველოში მუსიკალურ პროექტში მხოლოდ ქართულად ამღერდებიან კონკურსანტები. პროექტის მთავარი პროდიუსერი გიორგი უშიკიშვილია. ჟიურის შემადგენლობაც უკვე ცნობილია. საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და დედაქალაქში კონკურსანტებს მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი შეაფასებენ. ლაივ კონცერტებზე ჟიურის კიდევ ორი წევრი დაემატება, თუმცა მათი ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. უკვე გაირკვა პროექტის წამყვანების ვინაობაც. ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი ერთად გაამხნევებენ შესარჩევ ტურზე გამომსვლელ კონკურსანტებს. 

მანამ სანამ პირველი შესარჩევი ტური ჩატარდება და „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა რაიონს ესტუმრება, უამრავი კითხვა ჩნდება პროექტთან დაკავშირებით. მეგაშოუს უკვე თავისი ოფიციალური ფეისბუკგვერდი აქვს – „მხოლოდ ქართული“, სადაც კონკურსში მონაწილეობის მსურველები კითხვებს საჯაროდ სვამენ. 

ჩვენ შევეცადეთ, ყველა კითხვა მიგვეტანა პროექტის მთავარ პროდიუსერამდე. „პრაიმტაიმი“ გიორგი უშიკიშვილს „რუსთავი 2“-ში ესტუმრა. 

– გიორგი, „მხოლოდ ქართული“ მაყურებლის დაკვეთაა?

– ნამდვილად. ჩვენც მიგვაჩნია, რომ გადამღერებული ქავერების შემდეგ, რომელიც, ჩემი აზრით, საინტერესო აღარ არის, მაყურებელს უნდა შევთავაზოთ ისეთი მეგაშოუ, რომელიც ქართული სიმღერის პოპულარიზაციას მოემსახურება.  ამით დავაინტერესებთ სწორედ იმ თაობას, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებად აინტერესებს ქართული სიმღერა. 

– სწორედ ამიტომ, ალბათ, ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა პირველ ტურზე უცხოენოვანი სიმღერა გამოიტანოს კონკურსანტმა...

– რა პრობლემაა, შეგიძლიათ, იმღეროთ ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად... ჩვენი მთავარი ფუნქციაც ეს არის, შეიძლება კარგად მღეროდეს კონკურსანტი უცხოენოვან სიმღერას და ასევე, კარგად არ გამოსდიოდეს ქართული. ამისთვის ვართ, ჩვენ გვინდა ვასწავლოთ ახალ თაობას, როგორ იმღერება ქართული სიმღერა სწორად. ეს პროექტი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე სწორად მღერის ქართულად. ეს პროქტი ნიჭიერი ადამიანებისთვის არის, მათთვის, ვისაც სიმღერა შეუძლიათ. 

– უკვე გადაწყვეტილია პედაგოგების ვინაობა? კონკურსანტებს აინტერესებთ, ვინ იქნება მათი პედაგოგი, ვინ ასწავლის სწორად მღერას...

– ამაზე ჯერჯერობით ვმსჯელობთ. ერთ-ერთი მუსიკალური ხელმძღვანელი იქნება ზვიად ბოლქვაძე. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ პედაგოგების შერჩევა არ შეგვეშლება (იღიმება).

– რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას... ვიცი, რომ 18 წლიდან არის მიღება... 17 წლის მოზარდს არ აქვს შესაძლებლობა, სცადოს ბედი?

– თუ პირველ აპრილამდე უსრულდება 18 წელი, მივიღებთ, სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია. 

– გიორგი, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულად მღერა ახალ თაობას ცოტა უჭირს, ხომ არ ფიქრობ, რომ პროექტში მონაწილეობის მსურველთა ასაკი მაღალი იქნება?

– ახლანდელი გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ სწორედ ახალ თაობაშია დიდი ინტერესი. ფეისბუკის ჩემს პირად გვერდზე ახალი თაობისგან მომდის წერილები. განსაკუთრებით გოგონები აქტიურობენ. თუმცა, არიან ბიჭებიც. დღეს ორი ბიჭი შემეხმიანა, რომლებსაც პროექტში მონაწილეობა უნდათ. ზოგიერთ მათგანს თავისი ნამღერი ფეისბუკზეც აქვს ატვირთული. შევდივარ, ვუსმენ და ცუდი შეფასება ნამდვილად არ მაქვს. საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდები არიან. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 10 საუკეთესო მონაწილეს შევარჩევთ მთელ საქართველოში. ეს არის ქვეყანა, სადაც სიმღერა, ფაქტობრივად, ყველას გამოსდის, რადგან ქართველის გენეტიკაშია სიმღერის ნიჭი. ჩვენი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა. გვინდა, ჩვენს კონკურსანტებს ინგლისურენოვანი სიმღერის ნაცვლად ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ვამღეროთ. 

– იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, ალბათ, რთული იქნება ამორჩევა... ახლა ვინ გახსენდება, ვისი სიმღერების ტურს მოაწყობდი...

– ფანტასტიკური იქნება ვაჟა აზარაშვილის ტური. რომელი ერთი გითხრა, მართლა ბევრია...

– 10 ლაივ კონცერტში ყველას ვერ ჩატევთ, ალბათ, გულდაწყვეტილიც ბევრი დარჩება...

– იმედი მაქვს, რომ ეს კონკურსი არ იქნება ერთჯერადი და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. ყოველ წელს ერთი და იგივე კომპოზიტორის ტურს არ ჩავატარებთ. ასე რომ, ყველაფერი წინ არის... ტურები ჟანრების მიხედვით დაიყოფა. იქნება 70-იანი წლების ესტრადა, რომანსის, ფოლკლორის ტური, იქნება ჯაზი, ქართული კინომუსიკა. ფინალისკენ რომ წავა შოუ, 5 მონაწილე რომ დარჩება, ორ-ორი სიმღერის მღერა მოუწევთ. ასე რომ, მუსიკალურად ძალიან მრავალფეროვანი შოუ გველის, ყველა ჟანრის მოყვარულისთვის საინტერესო. 

– ჟიურის წევრები არ იქნებით ამავდროულად მენტორებიც, არ გეყოლებათ თქვენ-თქვენი კონკურსანტები, შესაბამისად, თქვენს შორის პაექრობაც, ალბათ, არ იქნება...

– ასე ვერ ვიტყოდი. იმ დღეს ერთად დავსხედით დილის ეთერში და დავჭამეთ ერთმანეთი. მაგრამ იქაც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, მე, ალბათ, უფრო მანდილის როლი მექნება სოფოსა და მარინას შორის (იცინის). 

– რაც შეეხება ხმის მიცემას. რა ბერკეტი, ძალა აქვს ჟიურის კონკურსანტის გადასარჩენად?

– ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ერთ ადამიანს არ შეეძლება ერთი ტელეფონიდან რამდენჯერმე ხმის მიცემა. ჩვენ გვინდა, ღირსეულმა გაიმარჯვოს და არა – ფულიანმა. რაც შეეხება ჟიურის ძალას, ამ შემთხვევაში 50 პროცენტი ჟიურის გადაწყვეტილებაა. ანუ ნახევარი შეფასება, თქვენი, როგორც შემსრულებლის, იქნება ჟიურის, ნახევარი კი – მაყურებლის მხრიდან. ანუ სავსებით შესაძლებელია კონკურსანტი, რომელიც ნაკლებად მოსწონს მაყურებელს, ჟიურის დამსახურებით პირველ ადგილზეც მოხვდეს. 

– მგონი, ჩვენს მკითხველს, ამ პროექტით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ამ პროექტში მთავარი აქცენტი არ გაკეთდება ხალხურ სიმღერაზე...

– ჰო, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც „შავლეგო“ იმღეროს პირველ ქასტინგზე კონკურსანტმა. ეს გემოვნების საკითხია, რას მოამზადებს. ერთი ტური იქნება აუცილებლად ფოლკლორის, მაგრამ არა – ყველა. შეუძლიათ, მოიტანონ გიტარა, ფანდური, ნებისმიერი მუსიკალური ინსტრუმენტი და მისი დახმარებით შეასრულონ სიმღერა. ან სულაც აკაპელაში იმღერონ. საერთოდ არ არის საჭირო ფონოგრამა... მოვიდნენ და იმღერონ თუნდაც „თბილისო, მზის და ვარდების მხარეო (ღიღინებს)“. ამყევი, შენ ხომ კარგად მღერი. რატომ არ იღებ ამ კონკურსში მონაწილეობას, ძალიან მიკვირს.

– შეფასებისთვის მადლობა... ვიფიქრებ... დღეს მე მაყურებლის კითხვებიც მოგიტანე. გეკითხებიან, დუეტს თუ შეუძლია, ბედი სცადოს...

– არა, არანაირი დუეტი, ანსამბლი და ჯგუფი, მხოლოდ ინდივიდუალურ შემსრულებლებს ველოდებით. ფოლკლორის ტურზე ანსამბლი გვეყოლება და ყველას თანაბარ პირობებში მოუწევთ მღერა. ყველას თანაბარი უფლებები აქვს ამ კონკურსში. არავის არ აქვს უფლება, თავისი ბენდი მოიყვანოს ან თავისი მომღერლები დაიხმაროს. 

– როდის რომელ ქალაქს ესტუმრებით, ვუთხრათ ჩემს მკითხველს...

– 21-22 თებერვალს გორს ვესტუმრებით. 23-ში თელავში ჩავალთ. 1-ელ მარტს ქუთაისს დავლაშქრავთ, 4 მარტს – ზუგდიდს, 12-ში ბათუმს მოვივლით, ხოლო 16-17 მარტს თბილისელებს ავამღერებთ. 

– გიორგი, შოუში მონაწილეთა მსურველების უმეტესობას აფერხებს ერთი მომენტი, ეშინიათ, არ მოხვდნენ ე.წ. „პრიკოლებში“... არადა მაყურებელი ყველაზე დიდი ინტერესით სწორედ ამ მომენტებს ელოდება ხოლმე...

– ზოგი იმიტომაც მოდის, რომ „პრიკოლებში“ მოხვდეს (იღიმება). მე პირადად წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი დაცინვის, ადამიანის მასხრად აგდების. იუმორსა და დაცინვას შორის დიდი სხვაობაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს შოუში იქნება ბევრი იუმორი, მაგრამ, როგორც გადაცემის მთავარი პროდიუსერი, პირადად ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩვენს შოუში არავის დასცინონ. 

– მაყურებელმა იცის, როგორია მარინა ბერიძე ჟიურიში, სოფო ნიჟარაძე. როგორი იქნება გიორგი უშიკიშვილი?

– სამართლიანი. მე მაინტერესებს სიმღერა იმ მომენტში და სხვა არაფერი. 

– ანუ გიორგი გაბუნიასავით კონკურსანტის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ქამარზე აქცენტს არ გააკეთებ...

– (იცინის) არა, ქამარზე ნამდვილად არა. ამის ნუ შეეშინდება მაყურებელს. ყოველთვის ვცდილობ, ვიყო სამართლიანი და ობიექტური. ობიექტურობას არ დავკარგავ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დასჭირდეს შოუს. 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი