საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკას, რომ ვიზალიბერალიზაციისადმი საფრთხეები ქვეყნის ხელისუფლების კრიმინალურ დაჯგუფებების მიმართ გატარებული პოლიტიკის შედეგია, არ ეთანხმება.
ამის შესახებ ჯანელიძემ "ევროპული საქართველოს" დეპუტატის ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ნამდვილად არის დღეს უსაფრთხო ქვეყნებში მოწინავე ადგილას.
"იგივე უსაფრთხოების კომპონტენტში ყველა საერთაშორისო რეიტინგში დავწინაურდით და ნამდვილად ეს არ უკავშირდება იმ რაოდენობის ზრდას, ციფრებს, რომელიც ფიქსირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მოსალოდნელი იყო გარკვეულწილად ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაიზრდებოდა სტატისტიკა, ეს ვიზალიბერალიზაციამდე შეფასების რისკებშიც იყო მითითებული, მაგრამ ეს არ გულსიხმობს, რომ საქართველო არის დღეს იქ ვეყანა, რომელიც წარმოადგენს კრიმინალის კუთხით საფრთხეს ევროპული ქვეყნებისთვის. ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, რომელიც წუხილს წარმოადგენენ ჩვენი პარტნიორების, აგებენ პასუხს იმ ქმედებებზე, რომელსაც ისინი სჩადიან, ზუსტად ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში და დარწმუნებული ვარ, არ დადგება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი. ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რომ რამდენიმე კრიმინალს არ მივცეთ საშუალება ეს დიდი სიკეთე შეაჩეროს და არ მისცენ ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს მიზეზი, ამით ისარგებლონ", - განაცხადა ჯანელიძემ.
ამ წუთებში პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციისა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ.
მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიმდინარე საგარეო პოლიტიკური საკითხებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ წარმოადგენს ანგარიშს. შეხვედრას სამივე კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებიან.