საფრთხე რომ არ არსებობდეს, ამაზე საუბარი არ იქნებოდა - წერეთელი ვიზალიბერალიზაციაზე

17:29 02-19-2018
111

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგი წერეთელი დადებითად აფასებს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მისვლას.

როგორც დეპუტატმა გაერთიანებული სამი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ჯანელიძეს უსმენდნენ, განაცხადა, რომ საქართველოს სერიოზული გამოწვევები აქვს, რომელზეც უწყებამ მომავალ წელს უნდა იმუშაოს.

"თავისთავად, კარგია, როდესაც მინისტრები არიან პარლამენტში. საერთოდ ეს არის ნორმალური მოვლენა, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამ პარლამენტში ასე ხშირად არ ხდება. ამიტომ, დადებითად ვაფასებთ დღევანდელ შეხვედრას, თუმცა ძალიან ბევრი საკითხი იყო, რაზეც გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ბუნებრივია, სხვადასხვაობაც. საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, ეს ეხება კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს, ეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით არის ბევრი კითხვა, რომელზეც მოვისმინეთ პასუხები. ვფიქრობ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბევრი მუშაობა მოუწევს მომავალ წელს იმისათვის, რომ ვითარება, რომელიც არის, განსაკუთრებით ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, ადამიანის უფლებათა დაცვის, ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, აქიურად იმუშაოს", - განაცხადა წერეთელმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა საფრთხეს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, დეპუტატი მიიჩნევს, რომ საფრთხე არსებობს. 

"საფრთხე რომ არ არსებობდეს, ამაზე საუბარი არ იქნებოდა. საფრთხე არსებობს, მაგრამ ეს არაფრით არ უნდა მოხდეს და დარწმუნებული ვარ, ეს კარგად არის გააზრებული, რა არის ხელისუფლების როლი, რა უნდა გააკეთოს მან ყველა იმ მიმართულებით, არც ქმნის საერთდო ჯამში ამ საფრთხეს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ასე არ მოხდება", - განაცხადა წერეთელმა.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე