ხაშურიდან თბილისში გამოპარულ 10 წლის ბავშვს დღეს დაათვალიერებინებენ ზოოპარკს. ბავშვი იმ პატრულის ეკიპაჟს მოჰყავს ხაშურიდან, რომელმაც გუშინ დაკარგული იპოვა. ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბავშვს ერთწლიან აბონემენტს და ზოოპარკის საპატიო მეგობრის სერთიფიკატს გადასცემს. ხაშურელი ბავშვის მეგზური ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე იქნება:
“ზურა რამდენიმე ვოლიერშიც შეიყვანს პატარას. ის ცხოველებსაც გამოკვებავს და მოეფერება მათ. მას ექნება საშუალება, რომ ახლოდან გაიცნოს ზოოპარკის შიდა სამზარეულო,” - თქვა ზოოპარკის მედიასთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის უფროსმა, მზია შარაშიძემ.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ ნაბიჯით ისინი ბავშვების სახლიდან გაქცევას მხარს უჭერენ. პირიქით, მიაჩნიათ, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო, რომ ბავშვები მიიყვანინ ზოოპარკის დასათვალიერებლად.
გუშინ 10 წლის ბიჭი თბილისში მშობლების დაუკითხავად ზოოპარკის დასათვალიერებლად წამოვიდა. სახლიდან გამოპარული მოზარდი დედაქალაქში მატარებლით ჩამოვიდა. გვიან ღამით, "საპატრულო ეკიპაჟმა აღმაშენებლის გამზირისკენ მიმავალი 10 წლის ბიჭი შეამჩნია, მას გაესაუბრა და გაარკვია, რომ ის სახლიდან გამოიპარა.
საპატრულო ეკიპაჟის წევრები ბავშვის მშობლებს დაუკავშირდნენ და ბიჭი სახლში დააბრუნეს.