თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

12:23 02-23-2018
361

თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი გამორიცხავს ვერსიას, თითქოს შურისძიება ქალს უკავშირდება.

ამის შესახებ ადვოკატმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ჯერ არ უნახავს და სამართალდამცავი ორგანოდან ელოდება ზარს, რათა დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულოს.

ნაირა ოტიაშვილის ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილს ბრალი სავარაუდოდ, დღეს წარედგინება, თუმცა ის დარწმუნებული არ არის, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა.

„ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა. 

თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული გუშინ დააკავეს. ლადო გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა, რა მიზეზით იძია შური ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალზე, უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიება ქალს უკავშირდება, რომელიც ორი თვის წინ ავარიისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომანქანაში ლადო გრიგალაშვილის იმყოფებოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

21 წლის ანა ნაცვლიშვილი კი გუშინ, გამთენიისას მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა.

ანა ნაცვლიშვილი და მის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი 7 წელი შეყვარებულები იყვნენ. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მათ სერიოზულად არ უჩხუბიათ, თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში, ანა მას დაშორდა.

საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე