"შეყვარებული ორჯერ ამოვიდა სახლში..." - თემქაზე მოკლულის ბიძა

13:27 02-23-2018
1578

თემქაზე გუშინ მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ბიძა, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მკვლელობისთვის დაკავავებულ ლადო გრიგალაშვილს არ იცნობდა.

ამის შესახებ მოკლულის ბიძამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ბიჭის ოჯახის წევრებმა, ყველამ ყველაფერი იცოდა. შეყვარებული ორჯერ ამოვიდა სახლში იკითხა სად არისო.. ასე სასტიკად როგორ გაიმეტა ანგელოზივით გოგო ვერ ვხვდები. მე მას არ ვიცნობდი და არ ვიცი ბოლო პერიოდში როგორი ურთიერთობა ჰქონდათ", - აცხადებს მოკლულის ბიძა. 

თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული გუშინ დააკავეს. ლადო გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.

ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა, რა მიზეზით იძია შური ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალზე, უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიება ქალს უკავშირდება, რომელიც ორი თვის წინ ავარიისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომანქანაში ლადო გრიგალაშვილის იმყოფებოდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

21 წლის ანა ნაცვლიშვილი კი გუშინ, გამთენიისას მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს.

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა.

ანა ნაცვლიშვილი და მის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი 7 წელი შეყვარებულები იყვნენ. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მათ სერიოზულად არ უჩხუბიათ, თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში, ანა მას დაშორდა.

საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს.

 

მიხეილ ჯანგიშერაშვილი