თემქაზე, 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაიარა ოტიაშვილი აცხადებს, რომ საქმეში შავი "BMW"-ს მარკის ავტომობილი ფიგურირებს.
ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს დაკავებულისთვის ბრალის წარდგენის წინ განუცხადა და აღნიშნა, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
"საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული", - განაცხადა ოტიაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
თემქაზე 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული გუშინ დააკავეს. ლადო გრიგალაშვილი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მოწმის სტატუსით იმყოფებოდა.
ოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მოტივად შურისძიება სახელდება, თუმცა, რა მიზეზით იძია შური ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალზე, უცნობია.
ერთ-ერთი ვერსიით, შურისძიება ქალს უკავშირდება, რომელიც ორი თვის წინ ავარიისას დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომანქანაში ლადო გრიგალაშვილის იმყოფებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
21 წლის ანა ნაცვლიშვილი კი გუშინ, გამთენიისას მამამ ყელგამოჭრილი იპოვა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი სახლთან ახლოს, ავტოფარეხებთან ნახეს.
გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ოჯახმა ანა ნაცვლიშვილის ძებნა დაიწყო, ლადო გრიგალაშვილიც მათთან ერთად ეძებდა.
ანა ნაცვლიშვილი და მის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი 7 წელი შეყვარებულები იყვნენ. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მათ სერიოზულად არ უჩხუბიათ, თუმცა, ერთად ყოფნის პერიოდში, ანა მას დაშორდა.
საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს.