კახა კოჟორიძე: ოკუპანტის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო იძულებისა და ძალადობის მსხვერპლი

20:39 02-23-2018
85

ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტკივილი, როცა შენს მოქალაქეს ასე გაურკვეველ ვითარებაში მოკლავენ შენივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა. 

"ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტკივილი, ეს არის მთელი ქვეყნის ტკივილი როცა შენს მოქალაქეს ასე გაურკვეველ ვითარებაში მოკლავენ შენივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად დღეს მეც ვიმყოფებოდი ამ ოჯახში და ჩვენ ამ საშინელების თვითმხილველი გახლდით, რომლიც იმ ოჯახში დატრიალდა. ეს იყო ახალგაზრდა ვაჟკაცი, რომელიც საქართველოს მთლიანობისთვის, ძლიერებისთვის, არამხოლოდ საქართველოს არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის იღებდა არაერთ მისიაში მონაწილეობას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა სრულიად ჩვეულებრვი სამოქალაქო მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ მოხდა მისი დაკავება და შემდეგ მისი ბებიის ბინის ჩხრეკა, საიდანაც ამოიღეს ნივთები. ჯერჯერობით დანარჩენი დეტალები გამორკვევის პროცესშია" -განაცხადა კოჟორიძემ და აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ოკუპანტს. 

"ვინც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამა თუ იმ ტერიტორიაზე, იმისი ვალდებულებაა დაამტკიცოs, რომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო იძულებისა და ძალადობის მსხვერპლი" - განაცხადა კოჟორიძემ.