ემოციური, ეპატაჟური, ხმაურიანი, ზოგჯერ ექსცენტრიკულიც და რაც მთავარია, ნიჭიერი მსახიობი – ანრი ბიბინეიშვილია ჩვენი სტუმარი. ის გინახავთ თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, სერიალებში, ტელეშოუებში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რა გზა გამოიარა, როგორ მოვიდა აქამდე. „პრაიმტაიმი“ მსახიობს ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ესაუბრა.
– ბათუმში დავიბადე, ძალიან მოკრძალებულ ოჯახში. წარმოშობით ჩოხატაურელი ვარ... მამაჩემმა თავისი სიჩუმით მასწავლა, რა არის მთავარი ღირებულება კაცის ცხოვრებაში. არ მახსოვს მისგან ხმამაღალი სიტყვა, მით უმეტეს ხელის აწევა, კაცობის ეტალონია ჩემთვის. დედა ბობოქარია, ვაჟკაცური ხასიათის. ძალიან ბევრი იწვალა ორივემ, რომ დღემდე მოეტანათ ცხოვრება, შვილები. არ მოიძებნება ადამიანი ბათუმში, ვინც ცუდს იტყვის მათზე.
– განსაკუთრებული დარიგება ან ფრაზა გახსენდება მშობლების მხრიდან?
– მამა, ხომ გითხარით, იშვიათად ლაპარაკობდა. დედა სულ მეუბნებოდა, არასდროს არ მოხვიდე სახლში გალახულიო. ჯერ ნუ დაიმსახურებ, რომ ვინმემ ხელი დაგარტყას და თუ დაგარტყამს, აუცილებლად დაუბრუნე პასუხი და თავი დაიცავიო.
– ამიტომაა, სულ რომ „ბუინობ“?
– არ ვიცი, ალბათ, ეს გენეტიკური კოდია. ვერ ვიტან უსამართლობას. ვიღაცები ამის გამო უხეშსა და თავხედს მეძახიან, უზრდელსაც ზოგჯერ.
– სოციალური ფონი, ფინანსური მდგომარეობა როგორი იყო ოჯახში, გაჭირვება გინახავს?
– არასდროს არ გადასდიოდა ჩემს ოჯახს. მთელი ჩემი ცხოვრება იმისთვის ვმუშაობდი, რომ ოჯახს დავხმარებოდი. 13 წლის ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე პურის საცხობ ქარხანაში. პურის რეალიზატორი ვიყავი ბათუმის ავტოსადგურში. დღემდე მუშაობენ იქ ადამიანები, რომლებსაც მე პურით ვამარაგებდი. გარემოვაჭრეები ხუმრობით გამომძახებდნენ ხოლმე, საიდან ამხელა ძალა, აღარ ჩანხარ, იმხელა ტომრებს დაათრევო. დღეში სამ ლარს მიხდიდნენ. დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე ვმუშაობდი. ჩემი გამომუშავებული ფული საკუთარი სურვილებისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ დამიხარჯავს. იმიტომ არა, რომ ვინმე მაიძულებდა, ვხედავდი, რომ ოჯახს სჭირდებოდა და მეც ამ ოჯახის ნაწილი ვიყავი. არასდროს გამიპროტესტებია, რატომ არ მაქვს სკოლაში ჩემი კლასელებივით ბულკის ფული.
– ბენზინგასამართი სადგურიც იყო შენი სამსახურების ჩამონათვალში, თუ არ ვცდები...
– კი, სკოლიდან მოვდიოდი და ცვლას ვიბარებდი კოლეგისგან. მახსოვს, ახალი წლის ღამეც იქ გავატარე. სიცხე მქონდა 39 გრადუსი, მაგრამ ჩემი ცვლა იყო, ვინ გადამიცვლიდა ახალი წლის ღამეს. დედაჩემი გადმოვიდა ღამის 12 საათზე, ახალი წელი მომილოცა.
– ანრი, პედაგოგებისგან რა დაგამახსოვრდა გამოცდილების თვალსაზრისით, ვინ იყო გამორჩეული ამ მხრივ?
– არსებობს ასეთი საოცარი ქალბატონი ბათუმში – ნატო თავდგირიძე. საქართველოს ისტორიას მასწავლიდა და ამავდროულად კლასის დამრიგებელი იყო. ერთი ფრაზა განსაკუთრებით მახსოვს მისგან, საქართველოს ისტორია ისწავლეთ სამზე და მსოფლიო ისტორიასა და სამართალში დაგიწერთ ხუთსო. მისთვის სხვა რამეს ნიშნავდა პედაგოგიკა. შენიშვნასაც არ იძლეოდა, ერთ წინადადებას გეტყოდა ისეთს, რომ ჯობდა ეცემე. სამართლიანი იყო. ერთ ამბავს გიამბობთ, ალბათ, გამიბრაზდება, მაგრამ მაინც ვიტყვი. როცა თეატრალურში ჩავაბარე და თბილისში მოვდიოდი, დამიძახა, პარკით რაღაც მომცა, ეს ფეხსაცმელია, ჩემი შვილის არის, არ ჩაუცვამს, არ შეგრცხვეს, გამოგადგებაო, მითხრა. თბილი „ბათინკები“ იყო. ძალიან გამომადგა ეს ფეხსაცმელი. ძალიან მიყვარს ეს ქალბატონი დღემდე.
– მძიმე პერიოდი გაგრძელდა თბილისშიც, როცა მარტო აღმოჩნდი, შენს ქვეყანაში, უცხო ქალაქში?..
– სწორი ფორმულირებაა, ჩემს ქვეყანაში, ჩემს ენაზე მოსაუბრე ადამიანებში და უცხო სამყაროში. არავის ვიცნობდი, გამარჯობის მთქმელიც კი არავინ მყავდა, არათუ დამხმარე. პირველი 2 თვე ძალიან რთულად გადავიტანე. მეძინა სკვერშიც. ძველი კინოსტუდიის ეზოში, თუმანიშვილის თეატრის უკანა ეზოში ორი ხის სკამი იყო და იქ მეძინა. თუმცა ჩემზე სუფთად უნივერსიტეტში არავინ დადიოდა. ეს სიკოხტავე და სისუფთავეც მშობლებისგან მომდევს. მერე ის ავბედითი 7 ნოემბერიც მოახლოვდა და აქციაზე გავიცანი ნიკოლოზ გაბელია, რომელიც დღე უკვე ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია. ერთი დღით შემიფარა მისმა ოჯახმა და წლები ვიცხოვრე მათთან.
– ბევრმა ადამიანმა გაგიმართა ხელი ამ წლების განმავლობაში, დღემდე ასეა?
– ასეა დღემდე. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიმართა ხელი და ყველასი მადლიერი ვარ.
– დღეს სად ცხოვრობ?
– რამდენიმე წლის წინათ გათხოვდა ჩემი და და გადაწყვიტეს, თბილისში ეცხოვრათ. არაჩვეულებრივი სიძე მყავს. თავიდან ქირით ცხოვრობდნენ, ხან – სად, ხან – სად და საბოლოოდ შეიძინეს ბინა. დღემდე მათ ოჯახს ვაფარებ თავს. მაგრამ ძირითადად თეატრში ვცხოვრობ მაინც. მეუბნებიან, რას წუწუნებო. არ ვწუწუნებ, იმას ვამბობ, რაც არის. ხშირ შემთხვევაში, როცა რეპეტიციაზე მისასვლელი ფული არ გაქვს, ყოველდღე ფეხით ვერ ივლი. მადლობა ღმერთს, არის იმის პირობა, რომ დაიძინო თეატრში, ცხელი წყალიც, რომ გადაივლო, ხელ-პირი დაიბანო.
– ანრი, არაერთი საჯარო დაპირისპირება გქონდა ქეთი დოლიძესთან და მაინც მის ყველაზე ერთგულ გულშემატკივრად დარჩი, რით დაიმსახურა ქალბატონმა ქეთიმ შენი ამხელა სიყვარული?
– ქეთი დოლიძეს უნდა იცნობდე, რომ მასზე რასაც ახლა ვიტყვი, დამეთანხმო. საოცრად კეთილი, უბოროტო ადამიანია. როცა დედაჩემს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, მან მიმასწრო საავადმყოფოში. როცა უსახლკაროდ ვიყავი, ქეთი დოლიძე თავის სასტუმრო ოთახს მთავაზობდა დასაძინებლად, ულუკმაპურო მსახიობს თეატრში შტატი გამომიძებნა. კი, ბევრჯერ დავუპირისპირდი, თან საჯაროდ. მართალი ვიყავი თუ მტყუანი ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ის წარსულია... ვფიქრობ, რომ იმ ღვაწლის გათვალისწინებით, რაც მას თუმანიშვილის თეატრთან აკავშირებს, ქეთი არ იმსახურებდა ამ გადაწყვეტილებას. მთლად რომ მტყუანი ყოფილიყო, მე მორალური უფლება არ მქონდა, მის გვერდით არ დავმდგარიყავი. უმადურობა ყველაზე დიდი დანაშაული მგონია და ასეთი ნამდვილად არ ვარ. ქეთი მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. ძალიან განვიცდი იმას, რომ ქეთი დოლიძე ჩვენს თეატრში აღარ არის იმ სიხშირით, რა სიხშირითაც უნდა იყოს.
– შენ რა სიხშირით ხარ თუმანიშვილის თეატრში, მას მერე, რაც ქალბატონი ქეთი აღარ არის იქ?
– (იღიმება) როცა სპექტაკლები მაქვს, მეც წარმოდგენილი ვარ. ეს თეატრი ჩემი ოჯახია.
– ახლახან ზუგდიდში იყავით „მეფე ლირით“, როგორ დაგხვდნენ მეგრელები?
– საოცარი ხალხია. საინტერესო და კულტურული მაყურებელია, სწორ აქცენტებს აკეთებდნენ ჩვენებისას. ყველა მსახიობს გადმოგვცეს ჯილდოები, მეც მათ შორის და ძალიან მიხარია.
– სასიყვარულო გამოცდილებაზეც მინდა ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად იცვლიდი პარტნიორებს, მხოლოდ ერთი მეუღლე გყავდა, მალხაზ ქვრივიშვილის ყოფილი ცოლი...
– ან ის კაცი დაასვენეთ ან მე (იცინის).
– ერთ თვეში დამთავრდა თქვენი ქორწინება, რატომ?
– ძალიან მიყვარს გელა ჩარკვიანი. ბოლო დროს თქვა, სასიამოვნო უკურნებელი სენიაო, სიყვარულზე თქვა. მართალია, მიყვარდი და აღარ მიყვარხარ არ არსებობს.... ალბათ, არ მიყვარდა. ამიტომ მაქვს შანსი, კიდევ შემიყვარდეს. ან მიყვარდა და დაღად დამრჩება მთელი ჩემი ცხოვრება.
– აჩქარდი?
– ავჩქარდი. აბა, რა ჰქვია ამას. 400-კაციანი ქორწილი, მესამე სართულზე ცხენით პატარძლის აყვანა და უცებ, ერთ თვეში განშორება... საზოგადოება არასერიოზული კაცის იმიჯს მოგარგებს და სავსებით მართებულადაც. მაგრამ ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ არავის უკითხავს, რა ხდებოდა მაშინ ჩემში, როგორ განვიცდიდი ამ ყველაფერს. იმასაც კი ამბობდნენ, პოპულარობისთვის გააკეთა ანრიმ ეს ყველაფერიო. ითამაშეს, გაერთნენ და მერე გაუშვაო. რას ჰქვია გაუშვა, ასე მარტივია, მშობლებს, ოჯახს თავს ლაფი დაასხა შენი ქმედებით?! ე.ი. რაღაც მოხდა, ხალხო. ეს უნდა იკითხოთ და თუ არ კითხულობთ, ნუ გალაძღავთ მაინც.
– თუ შეიძლება მე ვიკითხავ, რა მოხდა?
– თანაცხოვრება გაგვიჭირდა. სიყვარულს, რომელსაც მატერიალური მდგომარეობა უშლის ხელს, ვერ გადაარჩენ. მთელი ცხოვრება გაჭირვებას ვებრძვი და ამას შეეწირა ჩემი ოჯახიც, სამწუხაროდ.
– დღეს რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– სერიოზული არაფერი. სიყვარული არ უნდა ეძებო, ის თვითონ მოვა. ამას ვეუბნები სულ საკუთარ თავს.
– სამომავლო გეგმებზეც გკითხავ, როგორც ვიცი, ერთ-ერთი თურქული მხატვრული ფილმის ქასტინგზე მიგიწვიეს.
– კი, გუშინ ვიყავი, გავიარე ქასტინგი. ენის ცოდნა იყო საჭირო, ალბათ, გარეგნულადაც მიმამსგავსეს (იღიმება), არ ვიცი. ვნახოთ.
– წარმატებები.
ნინო მჭედლიშვილი