ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მოკლევადიან პერსპექტივაში არ არსებობს - გიორგი რუხაძე

16:49 02-26-2018
90

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, გიორგი რუხაძე მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე მოკლევადიან პერსპექტივაში არ არსებობს.

ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიგნალები ამასთან დაკავშირებით მოდის გერმანიიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ის აპირებს აამოქმედოს შეჩერების მექანიზმი.

"ეს არის უბრალოდ, წინასწარი გაფრთხილება და თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანია მოითხოვს ამას, რასაც კონკრეტული საბაბი უნდა ჰქონდეს და არა ემოციური განცხადებები და საგაზეთო პუბლიკაციები, ამ შემთხვევაშიც კი რაღაც პერიოდი დასჭირდება გადაწყვეტილების მიღება საბჭოში და შემდეგ ამოქმედება. ასე რომ, უახლოეს პერიოდში ეს ვერ მოხდება. რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზს, რაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საბაბი შეიძლება გახდეს, ეს არის თავშესაფრის მომთხოვნთა სერიოზული ზრდა და ჯერჯერობით, რას შევადაროთ ეს ზრდა, ერთი წელი არ გასულა ჯერ და მინიმუმ 2 წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ პირველი და მეორე წელი ერთმანეთს შეადარო", - აცხადებს ექსპერტი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე