ლია გიგაური: დაშავებული მოსწავლეების მდგომაროება სტაბილურია

19:54 02-28-2018
132

ბარათაშვილის ქუჩაზე შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული სკოლის მოსწავლეები განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მოინახულა. გიგაურმა გარდაცვლილი მოსწავლის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მომხდარზე მწუხარება გამოთქვა. გიგაურის განმარტებით, სკოლის მოსწავლეები შემთხვევის ადგილზე იკრიბებოდნენ, რათა თავიანთი ორგანიზებით ექსკურსია მოეწყოთ.

„პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომხდარის გამო. სამწუხაროდ, ერთი მოსწავლე გარდაიცვალა. ჩვენ ვნახეთ სხვა დაშავებულებიც, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მე შევხვდი როგორც ექიმს, ასევე დაშავებულების ოჯახის წევრებს. როგორც ბავშვებმა მითხრეს, ისინი კონკრეტულ ადგილზე იკრიბებოდნენ, რათა ქალაქში მოეწყოთ ექსკურსია“, - აღნიშნა ლია გიგაურმა.

მისი თქმით, დაშავებულები კონტაქტურები არიან და მათ სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ საავადმყოფოდან. 

შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევას ერთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც უკვე იცით, ბავშვები 70- სკოლიდან პედაგოგთან ერთად ექსკურსიაზე მაკდოლადსში მიდოდნენ. ავტობუსიდან გადმოსულებს იქვე მდგარი შენობიდან მინის კონსტრუქცია დაეცათ. 6 მათგანი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში მოათავსეს. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, რომელიც გარდაიცვალა.