ნიკა მელია ოპოზიციას, ომბუდსმენს და არასამთავრობოებს მიმართავს

13:24 03-01-2018
120

ბორჯომის საკრებულოში გუშინ მომხდარ დაპირისპირებას ერთიანი ნაციანული მოძრაობის დეპუტატი “ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს განცხადებით გამოეხმაურა. "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ძალებს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციას გვერდით დაუდგნენ. 

“ბორჯომში, თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ მმართველმა გუნდმა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბოიკოტი გამოუცხადა ხალხის არჩევანს, საკუთარ ქალაქს და დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოს.

მთელი სამი თვის განმავლობაში, ანუ დღიდან ახალი ფორმულირებული საკრებულოსი, „ქართული ოცნება“ არის ბოიკოტირების რეჟიმში და იგი არ დასწრებია საკრებულოს არც ერთ სხდომას და მეტიც, არა თუ არ დასწრებია, მთელი სამი თვის განმავლობაში ყველა უღირსი მეთოდით ცდილობდნენ საკრებულოს საქმიანობის ბლოკირებას. ერთადერთი და ჯერჯერობით პირველი, მთელი სამი თვის განმავლობაში საკრებულოს სხდომა, რომელზე დასწრების სურვილიც გამოთქვა „ქართული ოცნების“ ბორჯომის დეპუტაციამ გახლდათ გუშინდელი სხდომა და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იხილებოდა საკითხი მათთვის ხელფასების მატების თაობაზე, თქვენ ნახეთ როგორ გამოცხადდნენ ისინი, „ქართული ოცნების“ დაახლოებით 700 აქტივისტთან ერთად, მეგობარ, ნათესავებთან ერთად, რომლებიც ჰყავთ დასაქმებული ბორჯომის გამგეობებში, სხვადასხვა სიპებში და მოაწყვეს ის ძალადობა, განახორციელეს ის დარბევა, რომელიც იხილა მთელმა საზოგადოებამ, გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ არა თუ არ აინტერესებს, არც კი ფიქრობს ხალხის საჭიროებებზე ზრუნვას.

მათ არ აინტერესებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელება ბორჯომში, არ აინტერესებთ მაგალითად გადამწვარი ბორჯომის ტყის აღდგენა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ, არის ხელფასების მატება ხალხის ხარჯზე, ერთადერთი რაც მათ აინტერესებთ არის კლანური კეთილდღეობა და გუშინ ყველამ ვიხილეთ, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნების“ ის მცირე საღად მოაზროვნე ნაწილი გუშინ ჩაფიქრდებოდა და დარწმუნდებოდა, რომ თქვენთვისაც კი „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებო, არ არის ეს ხელისუფლება მზად რაიმე სასიკეთო გააკეთოს.

ჩვენი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“, ბუნებრივია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით აპირებს პოლიტიკურ ბოიკოტს, აპირებს მოუწყოს ობსტრუქცია ბორჯომს და ბორჯომელებს და სტუმრებს ამ ქალაქისა, აპირებენ არ გამოიყვანონ არც ერთი მუნიციპალური ავტობუსი, არ ამუშაონ დასუფთავების სამსახური, დახურონ საბავშვო ბაღები და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გუშინ ვერ მიაღწიეს საწადელს. ვერ მიაღწიეს მათთვის ხელფასების გაზრდას.

გუშინ იყო რეალურად თავდასხმა დემოკრატიულად არჩეულ საკრებულოსა და საკრებულოს წევრებზე, რასაც ძალიან უარყოფითი შედეგები მოჰყვება თვითმმართველობისთვის და ზოგადად საარჩევნო დემოკრატიისთვის.

ამიტომ, მე მივმართავ თხოვნით და მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს, ყველანი უნდა გავერთიანდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გარშემო, ადგილობრივი ძალებით ბორჯომში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები არიან უმრავლესობაში, მათ ემუქრებათ სერიოზული საფრთხე, ფიზიკური გადანდგურებითაც კი, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ მოვუწოდებთ, დღევანდელი დღიდან მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ერთადერთ მუნიციპალიტეტს, თვითმმართველობას, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა გამარჯვება გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ ჩაიდინა ის ძალადობა, რასაც ადგილი ჰქონდა გუშინ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.