შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ილიანა დერილოვამ მოაწერეს.
თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა. შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები. შემსუბუქდება არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები.
სამშობლოში დაბრუნებისას, უკეთესი შემოსავლების მიღების მიზნით, უცხოეთში მიღებული პროფესიული ცოდნისა და ორგანიზაციული უნარების გამოყენებას უკეთ შეძლებენ, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას შეუწყობს ხელს. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებით შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების ალბათობას შეამცირებს.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)“ ფარგლებში თანამშრომლობენ, - წერია განცხადებაში.