ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და მერიის თანამშრომლები, რომლებიც ხუთშაბათს გაიფიცნენ, დღეს სამსახურში გამოცხადდნენ და მუშაობა განაახლეს. ამის შესახებ Reginfo წერს.
ლევან ლიპარტიას განცხადებით, ისინი კვლავ ითხოვენ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და ხელფასების გაზრდას. მერია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის მოთხოვნით დღის ბოლომდე მიმართავს.
„მერიის საშტატო ნუსხას საკრებულოს შეცვლილი სახით წარვუდგენთ. ჩემი თანამდებობრივი სარგო უცვლელი დარჩება. ვითხოვთ, რომ ხელფასები მერის მოადგილეებს და სამსახურების უფროსებს იმავე ოდენობით მოუმატონ, როგორც აქამდე ვითხოვდით“-განაცხადა ლიპარტიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მიმართვიდან 3-7 დღის განმავლობაში დაინიშნება. მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობა წარდგენილ საშტატო ნუსხას განიხილავს დაგადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
პირველ მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციის დამატებითი რაზმები იყო მობილიზებული. ვითარება აქ 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გართულდა. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.