იოსებ ბესარიონის ძე სტალინი (ჯუღაშვილი), დაიბადა 1878 წლის 21 დეკემბერს და გარდაიცვალა, 1953 წლის 5 მარტს, ქ. მოსკოვში.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი იოსებ ჯუღაშვილი, იყო საბჭოთა რევოლუციონერი, პოლიტიკური, სამხედრო და პარტიული მოღვაწე. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898 წლიდან, გარდაცვალებამდე.
სტალინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უამრავი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, 1 მარტს, დილით, უცნობმა ექიმმა გასინჯა სტალინი და დიაგნოზიც დაუსვა - სისხლჩაქცევა თავის ტვინში. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, არ აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება ბელადისთვის და ექიმები მხოლოდ მას შემდეგ მიიყვანეს, როდესაც ნათელი გახდა, რომ პროცესი შეუქცევადი იყო.
არც ის არის გამორიცხული, რომ უცნობმა ექიმმა სტალინს, რაღაც პრეპარატი შეუყვანა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმა. მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შანსი აღარ არსებობდა, სტალინის თანამებრძოლებმა, თავის დაზღვევის მიზნით, ლოდინი ამჯობინეს და უკვე მომაკვდავ, სახელმწიფო მეთაურს, ინტენსიური სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მაგრამ, აღმოჩნდა რომ საჭირო აღარ იყო.
ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ სტალინის სიკვდილთან დაკავშირებით, ყველაფერი სუფთად არ არის, შეიძლება დაცვის და სამედიცინო კომისიების თანამშრომლების, შემდგომი ბედი ჩაითვალოს. ხრუსტალევი მალე გარდაიცვალა, ხოლო ორმა ადამიანმა, აგარაკის გარე პერიმეტრის დაცვიდან, თავი მოიკლა. სტაროსტინი, ლოზგაჩევი და ტუკოვი, მოსკოვიდან მოშორებით, სხვაგან გადაიყვანეს.
რაც შეეხებათ ექიმებს, პროფესორი რუსაკოვი, რომელიც გაკვეთაში მონაწილეობდა, უეცრად გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრი, ტრეტიაკოვი, რომელიც ორივე (მკურნალობის და გაკვეთის) კომისიის თავმჯდომარე იყო, დააპატიმრეს და ვორკუტის კოლონიაში გაგზავნეს. მისი რეაბილიტაცია, რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა. ყველას, ვინც აგარაკზე იმყოფებოდა იმ ავბედით დღეს, ხელი მოაწერინეს ინფორმაციის გაუთქმელობაზე და ისე დააშინეს, რომ 25 წლის შემდეგაც კი, სიმართლის თქმა ვერ გაბედეს.
გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ თითქოს სტალინი, კრემლში, სამუშაო კაბინეტში გარდაიცვალა. თურმე, მძიმედ ავადმყოფი სტალინი, კრემლში დოკუმენტებზე მუშაობდა.
ნიკიტა ხრუშჩოვი, თავის მოგონებებში წერს:
1953 წ. 1 მარტის ღამეს, მე, მალენკოვი (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ბერია (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი) და ბულგანინი (თავდაცვის მინისტრი), სტალინთან ვიყავით აგარაკზე. ვისხედით, ვსაუბრობდით და ქართულ ღვინოს ვსვამდით. ბელადი, ძალიან კარგ განწყობაზე იყო. დილის 6 საათი ხდებოდა, როდესაც დავიშალეთ და სახლებში წავედით.
მოგონებების მიხედვით, კვირა დღე, ნიკიტა ხრუშჩოვმა სახლში გაატარა. გვიან საღამოს, უკვე დაძინებას აპირებდა, როდესაც მალენკოვმა დაურეკა და შეატყობინა, რომ სტალინის აგარაკზე, რაღაც ხდებოდა. როგორც მას, დაცვამ აცნობა, სტალინი თავისი ოთახიდან, მთელი დღის მანძილზე, არ გამოსულა, არა და, უკვე გვიანი საღამო იყო. ყველა აღელვებულია და სასწრაფოდ, იქ უნდა წავიდეთო. ხრუშჩოვმა ბერიას და ბულგანინს გადაურეკა, მანქანა გამოიძახეს და აგარაკზე წავიდნენ.
15 წუთის შემდეგ, უკვე ადგილზე იყვნენ. იქ მალენკოვი დახვდათ და ყველანი ერთად დაცვის ოთახისკენ გაემართნენ. უკვე 11 საათი იქნებოდა, როდესაც სტალინთან საძინებელში, აგარაკზე მომსახურე, მიმტანი ქალი გაგზავნეს. ის დაბრუნდა და თქვა, რომ სტალინი, იატაკზე იწვა და ეძინა. ბელადის საძინებლის შემადგენლობაში, იყო, დიდი და პატარა სასადილო ოთახები. ის, პატარა სასადილოს იატაკზე იწვა. დაცვის წევრებმა, სტალინი, დიდი სასადილოს ოთახში გადაიყვანეს და დივანზე დააწვინეს. ხრუშჩოვმა და მალენკოვმა ჩათვალეს, რომ საშიში არაფერი იყო და აგარაკი დატოვეს.
თუმცა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, სახლში შესვლა ვერ მოასწრო, რომ ისევ მალენკოვმა დაურეკა. მან უთხრა, რომ აგარაკიდან, დაცვამ შეატყობინა, რომ სტალინი, უცნაურად სუნთქავდა. მოილაპარაკეს და აგარაკზე, ექიმების გაგზავნა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ბიუროს ყველა წევრს დაურეკეს, კაგანოვიჩის და ვოროშილოვის ჩათვლით.
ჩაძინებული პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ექიმებმა, დიაგნოზი დასვეს: სისხლჩაქცევა თავის ტვინში, გონების და მეტყველების დაკარგვა, მარჯვენა კიდურების დამბლა. მათ ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ სტალინი, სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ და 4 მარტის, დილისთვის, თითქოს ბელადი უკეთესადაც გახდა. ის თანაბრად სუნთქავდა, ცალი თვალი გაახილა კიდეც და იქ შეკრებილ თანამებრძოლებს შეხედა. მაგრამ, ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ისევ დახუჭა.
5 მარტის საღამოს, სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო დამძიმდა და ექიმებმა განაცხადეს, რომ მისი გული, სულ მალე გაჩერდებოდა. ამის შემდეგ, ექიმ-რეანიმატოლოგებმა, გულის მასაჟის კეთება დაიწყეს. ექიმების მონაცვლეობით, ეს პროცესი, მთელი საათი გაგრძელდა და კიდევაც გაგრძელდებოდა, ბერია რომ არ მისულიყო მათთან და არ ეთქვა: გეყოფათ, ხომ ხედავთ, რომ ყველაფერი დასრულდა.
ხალხის ბელადი, ფართოდ გახელილი თვალებით იწვა და არ სუნთქავდა. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სტალინი გარდაიცვალა...
ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ სტალინის სიკვდილი, ძალადობრივი არ იყო - ის ინსულტით გარდაიცვალა. მაგრამ ცხადია, რომ ავადმყოფს, დროზე არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ხოლო, როდესაც ექიმები მიუყვანეს, უკვე ძალიან დაგვიანებული იყო და აზრიც არა ჰქონდა.
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, 1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა. მისი ცხედარი, 8 წლის განმავლობაში, კრემლის მავზოლეუმში იყო დასვენებული, თუმცა მოგვიანებით, სსრკ-ს მთავრობამ, მისი დაკრძლვის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, სტალინის საფლავი მოსკოვის ცენტრში, კრემლის მავზოლეუმის ეზოშია.
შეგახსენებთ, რომ სტალინის საქართველოში გადმოსვენების საკითხს, ჯერ კიდევ ბევრი მომხრე ჰყავს.
მე ვიცი რომ, ჩემი სიკვდილის შემდეგ, ჩემს საფლავთან ბევრ ნაგავს დაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი, შეუბრალებლად გაფანტავს მათ - იოსებ ბესარიონის ძე სტალინი.