მოდელი თამო ვაშალომიძე დედა გახდა. ქალიშვილს სოფია დაარქვეს. თამო ბავშვის მამის ვინაობას ისევ არ ამხელს. „როცა რომანი მქონდა და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. მის მერე გადავწყვიტე, ჩუმად ვიყო. ბედნიერი ვარ და ეს მომწონს“, – მითხრა ინტერვიუს დროს მოდელმა. ერთი თვეც არ არის, რაც თამომ ანა კალანდაძის ქუჩაზე ბინა შეიძინა. ამბობს, რომ ბინა მან და მისმა საქმრომ ერთად იყიდეს. სწორედ ახალ ბინაში გვიმასპინძლა ჩემმა რესპონდენტმა.
– თამო, უცნაურ სიტუაციაში დაგეწყო მშობიარობა...
– კი. საცობში. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით მანქანაში. პანიკაში არ ჩავვარდი. საჭესთან ვიჯექი, დავურეკე ჩემს ექიმს, სასწრაფო დახმარების მანქანაში გადავჯექი და მივედი სამშობიაროში. მისვლიდან 20 წუთში ვიმშობიარე. 4.1 კილოგრამი დაიბადა ჩემი ქალიშვილი.
– ძალიან ლამაზ ფოტოებს აქვეყნებდი სოციალურ ქსელში ფეხმძიმობის პერიოდში. ასეთი თამამი ფეხმძიმე ქართველი ქალი არც მახსენდება შენამდე...
– მადლობა. შევეცადე, განსხვავებული ვყოფილიყავი. არავინ არ დებს ფეხმძიმობის ფოტოებს. დებენ მხოლოდ მაშინ, როცა ამ ამბავს იგებენ და ბოლოს უკვე ბავშვით ხელში.
– ნუკი კოშკელიშვილი გამახსენდა ახლა, ისიც დებს ფეხმძიმობის ფოტოებს...
– ნუკი ულამაზესი ფეხმძიმეა და მიხარია, რომ ფოტოების დადების ტენდენცია ამ დროს მე შემოვიტანე საქართველოში.
– ეს ბინა ერთობლივად ვიყიდეთო, არა?
– ჩემი შვილის მამას უნდოდა ეყიდა მთლიანად, მაგრამ მე დამოუკიდებელი ქალი ვარ და მინდოდა, ჩემი პატარა წვლილიც ყოფილიყო ამ სახლში.
– თამო, როგორი იყო პირველი შეგრძნება, როცა ხედავ, რომ შენი სხეულის ნაწილი, შენი შვილი შენს გვერდით წევს...
– იმ მომენტში შოკში ვიყავი. პირველი, რაც ვთქვი, ვაიმე რამხელაა-მეთქი (იცინის). ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რა სიყვარული და სითბო მყავს. გასული რომ ვარ სახლიდან, ერთი სული მაქვს, როდის მოვალ. რაც მთავარია, მშვიდი ბავშვია. სულ სძინავს, არ არის ჭირვეული. დამხმარე ბევრი მყავს: დამხმარე ქალი, მეგობრები, ჩემი სადედამთილოც ჩამოდის ხოლმე საგურამოდან ხშირად.
– ბავშვის მამის ვინაობას მისი სურვილით არ ამხელ?
– არა, ეს ჩემი სურვილია. ასე მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– როგორც ვიცი, შენს საქმროს მანამდე ოჯახი ჰყავდა...
– კი. მეექვსე წელია, რაც დაშორებულია მეუღლეს. ორი შვილი ჰყავს, გოგო-ბიჭი. სოფია მისი მესამე შვილია და ყველანაირი თავისუფლება მომცა, ბავშვის სახელის შერჩევიდან დაწყებული, საწოლის დიზაინით დამთავრებული.
– ახლა სად არის?
– ქართველი ბიზნესმენია. ამერიკაში ცხოვრობს ძირითადად, მოსკოვშიც არის ხშირად.
– რა სიხშირით ნახულობთ ერთმანეთს?
– ბუნებრივია, ყოველ კვირა ვერ ახერხებს ჩამოფრენას. სოფი რომ დაიბადა, ჩამოფრინდა. სამი კვირა ერთად ვიყავით. ახლა წავიდა ისევ. სანამ ბავშვი გვეყოლებოდა, მეც ხშირად მივფრინავდი მასთან.
– ის ფრენა როდის დაიწყო, სიყვარული რომ ჰქვია?
– სამი წლის წინათ. თბილისში გავიცანით ერთმანეთი, საერთო მეგობრის ჯვრისწერაზე.
– ხშირად მამაკაცებს აკომპლექსებთ ის, რომ ცნობილი ქალების გვერდით დგანან, თქვენს შემთხვევაშიც ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ არ ჩნდება შენი საქმრო?
– არა, ხომ გითხარით, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არა – მისი. როცა არ დავმალე ჩემი პირადი, ურთიერთობა დაინგრა. როცა ხარ ბედნიერი, უნდა იყო ჩუმად, ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. მას გამოჩენის პრობლემა არ აქვს. დასამალი რაა. ოჯახთან გარკვეული აქვს ურთიერთობა. მე არ დამინგრევია მისი ოჯახი.
– მის ყოფილ მეუღლეს იცნობ?
– პირადად არა, შვილებს ვიცნობ, კარგი შვილები ჰყავს.
– თამო, უკვე დაუბრუნდი შენს საქმიანობას?
– სამშობიაროდან რომ გამომწერეს, მესამე დღესვე გავედი სახლიდან. კონტრაქტების შეჩერება მომიწია ფეხმძიმობის გამო, გადაღებების. თუმცა ფეხმძიმობის პერიოდშიც მქონდა სარეკლამო გადაღებები. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი შვილიც ჩაერთვება გადაღებების პროცესში.
– ბუნებრივ კვებაზე გყავს?
– კი. არ მეტყობა (იცინის)?
– ზოგი დედა მკერდის ფორმებზე ფიქრობს და ხელოვნურ კვებას არჩევს...
– მყავს სპეციალისტი, რომელიც ამ პრობლემას მიგვარებს. ძალიან მსუნაგია ჩემი ქალიშვილი, სულ შია. სახლიდან რომ გავდივარ, ვიწველი და ისე ვუტოვებ რძეს დამხმარე ქალს. კიდევ 20 დღე მეყოლება ბუნებრივ კვებაზე და მერე, ალბათ, გადავიყვან ხელოვნურზე. გადაღებები მეწყება და ამის ფუფუნება აღარ მექნება.
– კატა გყავს სახლში?
– ჰო, ეს ჩემი პირველი შვილი იყო. ახლა მისთვის რომ ვეღარ ვიცლი, ეჭვიანობს.
– კერძებს ვინ გიმზადებს?
– არ ვამზადებთ სახლში კერძებს. ახლა ძირითადად სულ დიეტაზე ვარ: მაწონი, წიწიბურა, გერკულესი, ამას რა მომზადება უნდა.
– ძალიან სწრაფად მოახერხე ფორმაში ჩადგომა, ეს დიეტის ხარჯზეა?
– 10 კილოგრამი მქონდა მომატებული. ცომზე, ტკბილზე, გაზიან სასმელებზე თავიდანვე ვთქვი უარი. ეს ბავშვისთვისაც არ არის სასარგებლო მუცლად ყოფნის დროს. მე რომ ტკბილიც მეჭამა ფეხმძიმობისას, ბავშვი ხუთი კილო იქნებოდა. მერე კი ძალიან გამიჭირდებოდა მშობიარობა. პარალელურად ვვარჯიშობდი. მშობიარობის დღესაც კი ვივარჯიშე. აქტიური ვიყავი სულ.
– ძალიან ლამაზი თმის ფერი გაქვს...
– ეს პარიკია, სხვადასხვა ფერის პარიკები მაქვს და სულ უკვირთ ხოლმე, ასე სწრაფად როგორ ახერხებს ფერის შეცვლასო. მე უფრო მოოქროსფრო თმა მაქვს.
– სად მუშაობ?
– არსებობს ასეთი ტურისტული კომპანია „ბიენჯი თრეველი“, სადაც მაქვს ჩემი პატარა წილი. კიდევ მაქვს გადაღებები, რეკლამები.
– რომელი კონტრაქტის გადადება მოგიწია?
– სექტემბერში უნდა გავფრენილიყავი პარიზში, სადაც მამუკა კიკალეიშვილს უნდა გადაეღო ფოტოსესია აზერბაიჯანული ჟურნალისთვის. ეგ გადაღება გადავდე აპრილისთვის.
– მსახიობობაზე არ გიფიქრია?
– რაც ვიცი, ეს არის მოდელობა, კამერასთან მუშაობა... როლს გააჩნია, კომედიური ჟანრი ჩემი არ არის. სასაცილო არ გამოვა, ვატირებ ხალხს (იცინის). სამომავლო გეგმებში სასტუმროს მშენებლობა მაქვს, რასაც აუცილებლად მოვაბამ თავს.
– შენს სამსახურებრივ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში შენი საქმრო არ აპროტესტებს?
– არა. სხვა შემთხვევაში სამი წელი ერთად ვერ ვიქნებოდით. გარკვეული გვაქვს ყველაფერი.
– რა ხიბლი და რა მინუსი აქვს ცალ-ცალკე ცხოვრებას?
– მინუსი ჩემთვის არ აქვს. ყოველდღე ერთმანეთის ყურება მერე პატივისცემაში გადადის, თითქოს სიყვარული მეორე პლანზე ინაცვლებს. ჩვენ სულ გვენატრება ერთმანეთი და ეს კარგია.
– დედობამ შეგცვალა?
– შემცვალა იმ მხრივ, რომ სულ სახლში მომეჩქარება, სხვა მხრივ ისევ ისეთი გიჟი ვარ, როგორიც ვიყავი. და ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი პუტკუნა სიყვარული რომ მყავს სახლში...
– მეორე შვილზე ფიქრობ უკვე?
– სულ მინდოდა, ორი შვილი მყოლოდა, გოგო და ბიჭი. ბიჭიც მეყოლება აუცილებლად, მაგრამ ჯერ არა. ისე, სოფიზეც ასე ვამბობდი, ჯერ არა-მეთქი, მაგრამ... შვილის გაჩენის დაგეგმვა არ შეიძლება. ის ღვთის საჩუქარია და თუ გაძლევს ღმერთი, უნდა გააჩინო. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი აბორტის და წინააღმდეგ ვარ ახლაც. ოჯახის გეგმები 30 წლის მერე მქონდა, მაგრამ როგორც კი გავიგე ფეხმძიმობის ამბავი, მივხვდი, რომ მზად ვარ.
– ეჭვიანი ხარ?
– კი. ორივე ეჭვიანები ვართ. ამ თემაზე გვიკამათია კიდეც. წინა სახლში რომ ვცხოვრობდი, ყველამ იცოდა ჩემი სახლი, ხან ყვავილებს მიტოვებდნენ, ხან საჩუქრებს. ერთხელ ერთად ვიყავით სახლში და კარზე ზარი გაისმა. გავაღე და დიდი თაიგულით იდგა ერთი ბიჭი. რა თქმა უნდა, არ ესიამოვნა. ამაზე ცოტა ვიკამათეთ. მეც ეჭვიანი ვარ, ისეთი მამაკაცი მყავს გვერდით, რომ საეჭვიანო მაქვს ნამდვილად (იღიმება).
– ნიშნობა გქონდათ ხო?
– კი, ეს მისი პრინციპი იყო. ფეხმძიმედ რომ დავრჩი, მითხრა, ხალხი სხვანაირად გაიგებსო. მე არ მინდოდა გაოფიციალურება. ასე კარგად ვართ-მეთქი, ვეუბნებოდი, მაგრამ თავად მოახერხა და მაინც გააოფიციალურა ურთიერთობა. „ბილტმორში“ დაპატიჟა ჩემი მეგობრები და იქ დამხვდა ბეჭდით.
– წარმატებებს გისურვებ.
– მადლობა.
ნინო მჭედლიშვილი