მაიკო კაჭკაჭიშვილი: „ქალი ვერ გავხდი და, ალბათ, ვერც გავხდები“ - exclusive

12:28 03-06-2018
8958

TWINS – ასე ჰქვია სტუდიას, სადაც მაიკო კაჭკაჭიშვილი ბავშვებს ვოკალში ამეცადინებს. კომპოზიტორს მორიგი გაკვეთილის დროს ვესტუმრეთ და ცოტათი ხელიც შევუშალეთ. მანამ სანამ რესპონდენტთან განვმარტოვდებოდი, საშუალება მომეცა, მოსწავლეებს გავსაუბრებოდი და გამერკვია, რამდენად მკაცრი პედაგოგია მაიკო. აღმოჩნდა, რომ კომპოზიტორი ბავშვებთან სიმკაცრეს დიდად არ ამჟღავნებს, სამართლიანია და მომთხოვნი, მაგრამ მისი გაბრაზება ბავშვებს არ ახსენდებათ. „ყველას აგრესიული, მოჩხუბარი, ცუდი ვგონივარ შორიდან, მაგრამ ადამიანი თუ ახლოს მიცნობს, მაგას არ იტყვის ჩემზე“, – მითხრა ინტერვიუს დასაწყისში მაიკო კაჭკაჭიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაიკომ კუჭის ოპერაცია გაიკეთა და შემდგომი სწორი კვების შედეგად 65 კილოგრამი დაიკლო. სწორედ ამ თემით დავიწყე საუბარი რესპონდენტთან.

– მაიკო, მოგვიყევი, როგორ მიხვედი ამ შედეგამდე? რატომ გადაწყვიტე ასეთი რადიკალური ცვლილება?

– მთავარი იყო გარემოება. თავად არასდროს მქონია პრობლემა იმ წონისა, რომელიც მქონდა. ადამიანი არ ნიშნავს კილოგრამებს, ადამიანს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები აქვს: ხმა, ენერგეტიკა, ხასიათის თვისებები, ღირებულებები. სხეული რაა, დროთა განმავლობაში ბერდება და ბოლოს ჭიები ჭამს... ეს ხალხისთვის გავაკეთე, კონკრეტული ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, როგორ გამოვიყურებოდი. 

– მაგრამ შენც ხომ მოგწონს...

– ერთადერთი რამ მომწონს: მსუბუქად რომ დავდივარ, კიბეებზე ასვლისას რომ არ ვიღლები. მომწონს იმიტომ, რომ ჯანმრთელი ვარ, მაგრამ იმ წონითაც არ ვგრძნობდი თავს ცუდად. არ ვიყავი უბედური, პირიქით, ბედნიერი ვიყავი, ღიმილიანი, კეთილი. ფოტოებს რომ ვუყურებ, მეტირება. 

– არ მითხრა, რომ გენატრება ის მაია...

– რატომაც არა. ახლა სარკიდან სხვა ადამიანი მიყურებს. 

– რა შეიცვალა, გარდა იმისა, რომ 65 კილოგრამი დაიკელი?

– შეიცვალა რაღაცები, მაგრამ ძირეულად არაფერი.

– უფრო თავდაჯერებული არ გახდი?

– რას გულისხმობ? ყოველთვის თავდაჯერებული ვიყავი. 

– იმას, რომ სცენაზე თამამად ახვალ...

– აი, ხედავ? ვიღაცისთვის გავხდი თავდაჯერებული, მაყურებლისთვის. მაშინ ვფიქრობდი, რომ ამხელა ვარ, რომ რაღაც გამომიჩნდა. ამაზე ვფიქრობდი და ამ კომპლექსით უკვე ვეღარ ვმღეროდი. ასე რომ, სულ სხვებისთვის გავაკეთე ყველაფერი. 

– შენს თავზე ნაკლებს ფიქრობ? ეს არის შენს ხასიათში?

– ჩემს თავზე რომ მეფიქრა, დღეს გაცილებით წინ ვიქნებოდი შემოქმედებითად.

– რას გააკეთებდი?

– ამერიკაში წავიდოდი. არასდროს არ ვყოფილვარ და ვგრძნობ, რომ იქ არის ჩემი სულიერი სამოთხე. ფილმებიდან და მიუზიკლებიდან ნანახი ამერიკა მიყვარს სიგიჟემდე. 

– მაიკო, მეგობრებს სიმღერებს ჩუქნი?

– არ ვჩუქნი. ამ მხრივ, ყველაზე ცუდი კომპოზიტორი ვარ, მე ვაფასებ ჩემს ნამუშევარს.

– რომელი შენი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად?

– „მატირე“, ნინა რომ მღერის. უმეტესი სიმღერები ჩემი პირადიდან არის დაწერილი. თუ ჩემს სიმღერაში მინორს შეხვდი, ე.ი. არ ვიტყუები. 

– ვინ გატირა?

– ლევან ლაზარიშვილმა. მაშინ დავწერე.

– ვიცი, რომ კარგი ურთიერთობა გაქვთ...

– კი. ასე მგონია, ნათესავია ჩემი (იღიმება).

– ძალიან ბევრი წელი გავიდა მას მერე, რაც ერთმანეთს დაშორდით. რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში და დღეს თუა ისეთი სიახლე, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი გინდა?..

– არაფერი არ ხდება. სამწუხაროდ, ისევ ისე გრძელდება ჩემი ცხოვრება.

– ისევ ძმა კაჭო ხარ?

– ეტყობა, ეს თვეები არ არის საკმარისი ჩემი ტვინის გადატვირთვისთვის. ჯერ კიდევ ძმა კაჭო ვარ. ქალი ვერ გავხი და, ალბათ, ვერც გავხდები.

– მაიკო, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ ბინა გაჩუქა, შენს შემოქმედებით საღამოზე, პომპეზურად, ხმაურიანად. ჩაგაბარეს უკვე ბინის გასაღები?

– კონტრაქტში როგორც მიწერია, თებერვლის ბოლოს უნდა ჩამბარებოდა ბინა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ შემხმიანებია. მგონი, დროა, მე შევეხმიანო. 

– მაიკო, ვიცი, რომ კარგი კულინარი ხარ, ოპერაციის შემდეგაც არ ისვენებ, სულ გემრიელობებს აკეთებ... თავის შეკავებას როგორ ახერხებ?

– ოპერაციის (ბარიატრია – კუჭის რეზექცია. ძალიან ცოტა პროცენტი დამიტოვეს კუჭის) შემდეგ გამოსავალი უნდა მეპოვა. რაკი ვერ ვიკვებები ისე, როგორც ვიკვებებოდი, ეს სურვილები, გემოთმოყვარეობა, გადავიტანე კეთებაში. იქ ვიკლავ წყურვილს, სურვილს, შიმშილს, მივართმევ ჩემს ოჯახს, მეგობრებს და უბედნიერესი ვარ. მე პატარა ულუფა წვნიანიც მყოფნის.

– ანუ ხაჭაპურს საერთოდ არ ჭამ?

– მხოლოდ ორ ლუკმას. 

– ჩვენ ვიცით შემთხვევები, როცა მსგავსი ოპერაციის შემდეგ შედეგი ასეთი არ არის.

– კი, ვიცით, მეც მწერენ ადამიანები, რომლებსაც ეს ოპერაცია აქვთ გაკეთებული და უნებისყოფობის გამო უკვე დიდ ულუფებზე არიან გადასულნი. 

– რა გენატრებოდა, როცა ზედმეტი კილოგრამები გქონდა?

– არ ვიცი, კონკრეტულად ვერ გეტყვი. ხომ გეუბნები, სხვების გამო გავხდი, რომ ვიღაცას არ ეთქვა, რამხელაა, ამას სცენაზე რა უნდაო... 

– გქონია მსგავსი მომენტი?

– არა, არ მახსენდება. პირიქით, ჩემი მეგობრები მეუბნებიან, ძველი მაიკო გვენატრებაო. უბრალოდ, ფუნქცია მქონდა შეცვლილი. მე არ ვიყავი ბოღმა, ვიყავი უსქესო ადამიანი. აბა, წავიდეთ, დავლიოთ. ახლა ისეთი პატარა კუჭი მაქვს, 50 გრამი კონიაკი მათრობს. ადრე კაცები შემეძლო წამექცია და სახლში ფხიზლად მივსულიყავი. ეს არ არის საამაყო, ეს სასაცილოა.

– მაიკო, ახლა უკვე თამამად შეგიძლია დადგე სცენაზე იმ ხალხის დასანახად, ვისთვისაც დაიკელი. რას აპირებ?

– ვაპირებ! ახალი დუეტი უკვე ჩავწერეთ მე და ძვალმა. „როცა“ ჰქვია სიმღერას. კონცერტის გაკეთებასაც ვაპირებ. მაქსიმუმ, სამი დუეტი იქნება ჩემს კონცერტზე, დანარჩენს თავად ვიმღერებ, მინდა მოისმინოს მაყურებელმა, მე როგორი წარმომიდგენია ჩემი სიმღერები. 

ნინო მჭედლიშვილი

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი