საფრანგეთის ელჩი - ქუთაისის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია გვინდა იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან

15:48 03-06-2018
1080

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში კრიმინალს ჩადიან, მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალზიაციას ღირსეულად იყენებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ განუცხადა. 

ელჩის თქმით, მოიმატა, როგორც თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა, ასევე კრიმინალის რიცხვმა საფრანგეთში და „ასე თუ გაგრძელება, შესაძლოა რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“. ამასთან, ელჩს არ დაუკონკრეტებია რა შესაძლო გადაწყვეტილებებს გულისხმობდა. 

პასკალ მენიეს განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და საფრანგეთის პოლიციას, ასევე შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა. მისივე გამარტებით, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქტიურ ფაზაში შედიოდა, ამან საფრანგეთსა და გერმანიაში დიდი დებატები გამოიწვია და განიხილავდნენ, მიეცათ თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის თაობაზე თანხმობა. ელჩის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანიას და საფრანგეთს აშფოთებდა, ეს იყო ქართველების მხრიდან ევროპაში ჩადენილი კრიმინალი. 

„მაშინ ქართულმა მხარემ დაგვარწმუნა, რომ ამას მოაგვარებდნენ. ჩვენც დავთანხმდით იმას, რომ ქართული მხარისთვის ვიზალიბერალიზაცია მიგვეცა. ერთ–ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს და გერმანიას შეშფოთება ჰქონდა, ეს არის ორგანიზებული კრიმინალი, რომელიც თანთანად იზრდებოდა ევროპის ქვეყნებში და ამ ორ ქვეყანაშიც. ზუსტად ამაზე საქართველოს მხარემ ჩვენ დაგვარწმუნა, რომ პრობლემას მოაგვარებდნენ, რის გამოც უვიზო მიმოსვლას დავთანხმდით. საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი სამუშაო გასწია, ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ჯილდოც იყო ქართული მხარისთვის, რათა ქართველებს შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა შეძლებოდათ. სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ნოემბრის თვიდან ძალიან მოიმატა თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა. ასევე იმატა ორგანიზებულ კრიმინალის წარმომადგენელთა რიცხვმაც თვითონ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე. ასე თუ გაგრძელდება, შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვსურს ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებსაც საქმეს უფუჭებენ კრიმინალის წარმომადგენლები ევროპის ტერიტორიაზე. მათი სამარცხვინო საქციელის გამო არ გვინდა დავსაჯოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას ღირსეულად იყენებენ. პირველი, ჩვენ რაც გვსურს ეს არის კონტროლის გამკაცრება გასვლის მხრივ, ანუ სხვადასხვა ასეთი ჯგუფების წარმომადგენლებმა ვერ შეაღწიონ საფრანგეთში. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე გამკაცრდეს. ასევე შემდეგი რაც გვინდა გავაკმაცროთ, ეს არის შემოსვლა შენგენის ტერიტორიაზე, მაგალითისთვის გეტყვით, როგორიც არის ქუთაისი–ბერლინის ფრენები, ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დაუცველი აეროპორტი. გვინდა, იქ კონტროლი გავამკაცროთ, რათა საეჭვო პირები შენგენის ტერიტორიაზე არ დაუშვან. შემდეგი თანამშრომლობა არის ორმხრივი თანამშრომლობა ფრანგ და ქართველ პოლიციელებს შორის“, – განაცხადა ელჩმა. 

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში საქართველოს შს საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში მიდის და მან იმედი გამოთქვა, რომ გახარია საფრანგეთსაც ეწვევა. 

„საჭიროა მთავრობებს შორის დიალოგი, რათა არ მოხდეს ღირსეული ქართველების დასჯა“, – განაცხადა მენიემ. 

წყარო: interpressnews.ge

ავტორი: რუსა ღვანიძე