კიევის ცენტრში პრეზიდენტ პოროშენკოს კორტეჟს ავარია მოუვიდა. strana.ua შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის კორტეჟი ამ ადგილს ყოველ დღე, დილის 12 საათზე გადის.
ვიდეორგოლში ჩანს, რომ მარეგულირებელმა გზაჯვარედინზე მოძრაობა შეაჩერა იმისათვის, რომ კორტეჟს გაევლო. მან პოროშენკოს პირველი - პოლიციის მანქანა გაატარა. სწორედ ამ დროს გზაზე კაცი გამოჩნდა და მას კორტეჟიდან მეორე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
მოძრაობის მარეგულირებელმა დაშავებულთან მიირბინა და იმავდროულად კორტეჟის სხვა მანქანებს ნიშანი მისცა, რომ გაევლოთ. მათ გვერდი აუარეს წაქცეულ კაცს. გამოცემის ცნობით, არცერთი არ გაჩერებულა. ადგილზე ის მანქანა დარჩა, რომელიც კაცს დაეჯახა.
კორტეჟის გავლის შემდეგ გზაზე მოძრაობა აღდგა.
როგორც გაირკვა, დაშავებული მოხუცი 88 წლისაა. ის რეანიმაციაში მოათავსეს. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა.
strana.ua აქვეყნებს ყველა იმ დარღვევას, რომელიც კორტეჟმა დაუშვა მოძრაობისას და წერს, რომ პოროშენკოს ესკორტი თავს უფლებას აძლევს მაღალი სიჩქარით და ასევე, საპირისპირო ზოლში იმოძრაოს.