რა თქმა უნდა, ვერ იქნება თანაბარ პირობებში ყველა რელიგია - მიქაელ ბოტკოველი

13:01 03-07-2018
120

სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

"საქართველოს საპატრიარქო პოზიტიურად აფასებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობას. ობიექტურად თუ შევაფასებთ ყველა დავრწმუნდებით, რომ მას შემდეგ, რაც სააგენტომ დაიწყო მუშაობა მეტწილად რელიგიური კლიმატი გაჟანსაღდა, ამას აშკარად ვამჩნევთ. კანონი რელიგიის შესახებ უნდა არსებობდეს, მაგრამ ყველა რელიგია ერთ მდგომარეობაში ვერ იქნება, რადგან ყველა ქვეყანაში არსებობს დომინანტური რელიგია", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

კითხვაზე უნდა იყოს თუ არა თანაბარ მდგომარეობაში ყველა რელიგია, ბოტკოველის აზრით ეს ასე ვერ იქნება.

"რა თქმა უნდა, ვერ იქნება თანაბარ პირობებში ყველა რელიგია, რადგანაც კონსტიტუცია არეგულირებს ასეთ საკითხებს. კონსტიტუცია მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს აღმშენებლობის საკითხში, რაც სხვა რელიგიის დამსახურება ვერ იქნება, იმ რელიგიების, რომელიც მაშინ საერთოდ არ არსებობდა. ჩვენ, პატივს ვცემთ ყველა რელიგიის წარმომადგენელს, განსაკუთრებით ტრადიციულს, რომელიც მრავალი საუკუნეა საქართველოში არსებობს და რომლებიც გარკვეული დაფინანსებით უკვე არსებობენ და თავისდროზე ამას ჩვენ მხარი დავიჭირეთ", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.