წლევანდელი 8 მარტი ფემინისტებმა და ლგბტ-აქტივისტებმა საქართველოში ტრანსგენდერ “ქალთა” უფლებების დაცვის დღედ გამოაცხადეს. და ამასთან დაკავშირებით 8 მარტს, 15:00 საათზე თბილისში, იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერები და ლგბტ-აქტივისტები აპირებენ გამართონ აქცია სახელწოდებით – “მე ქალი ვარ, აღიარე!” – რომლის მოთხოვნაც იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ტრანსგენდერებისთვის სქესის შეცვლის პროცედურის გამარტივება.
დღეისთვის საქართველოში სქესის იურიდიულად შესაცვლელად და ამ ცვლილების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში დასაფიქსირებლად საჭიროა სქესის შეცვლის ოპერაციის გაკეთება და ამ ოპერაციის დამადასტურებელი ცნობის არსებობა. ხვალისთვის დაგეგმილ აქციაზე ორგანიზატორები მოითხოვენ, სქესის იურიდიული ცვლილებისთვის ოპერაციის საჭიროება გაუქმდეს და ამ ცვლილებისთვის საკმარისი იყოს მხოლოდ სქესის შეცვლის მსურველის შემთხვევაში გენდერული დისფორიის არსებობის დამადასტურებელი ფსიქოლოგიური დიაგნოზი.
ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხვალინდელ აქციაზე ლგბტ-აქტივისტები მოითხოვენ, რომ თუ ტრანსგენდერის შემთხვევაში, რომელიც ბიოლოგიურად ჩვეულებრივი მამაკაცია, მაგრამ თავს ქალად მიიჩნევს, ფსიქოლოგი დაასკვნის, რომ მას მართლა აქვს ფსიქოლოგიური დარღვევა სახელწოდებით “გენდერული დისფორია”, მაშინ, უკვე ამ ფსიქოლოგიური დიაგნოზის საფუძველზე, სახელმწიფომ ტრანსგენდერი მამაკაცი იურიდიულად ქალად უნდა აღიაროს და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ჩაუწეროს, რომ ის ქალია.
“სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები (იგულისხმებიან ბიოლოგიური კაცები, რომლებიც თავს ქალებად მიიჩნევენ) ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე.” – წერია ხვალინდელი აქციის ორგანიზატორების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ანონსში:
წლევანდელ 8 მარტს, ქალთა მოძრაობა ტრანსგენდერი ქალების უფლებების დაცვას მიუძღვნის. ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ, მათ ხშირად ესხმიან თავს და აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, უმეტესობა განდევნილია საკუთარი ოჯახიდან, მათ თითქმის არ აქვთ დასაქმების პერსპექტივა, ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას სამართლდამცავებისაგან, ექიმებისა და სხვა იმ პროფესიის ადამიანებისაგან, რომლებიც ვალდებულნი არიან, დაეხმარონ მათ.
ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, არის პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურა. მართალია, ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია. რეალურად კი ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან/და ხელმიუწვდომელია: სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია ძალიან ძვირია და მას დაზღვევა არ ანაზღაურებს; საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება; ოპერაცია იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ადამიანის იძულება, გაიკეთოს სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია - არაჰუმანურია. სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა.
ჩვენ მოვითხოვთ, იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლა უზრუნველყოს ტრანსგენდერი ადამიანის მიერ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, რაც გულისხმობს გენდერული დისფორიის დიაგნოზს, მაგრამ არა სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობას.
სახელმწიფომ უნდა აღიაროს ტრანსგენდერი ქალები ქალებად და საშუალება მისცეს მათ, შეიცვალონ სქესი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში. ამისათვის იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ვთხოვთ, გამოსცეს ბრძანება, რომელიც დაარეგულირებს პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის პროცედურას ადამიანის უფლებების პატივისცემით და ჰუმანური მიდგომის საფუძველზე. უფრო მეტად კოორდინირებული და ანგარიშგებიანი მოქმედების უზრუნველსაყოფად მინისტრ თეა წულუკიანს ვთხოვთ, შეხვდეს ქალთა მოძრაობისა და ტრანსგენდერი თემის წარმომადგენლებს.
აღნიშნული მოთხოვნით, ქალთა მოძრაობა გამართავს აქციას იუსტიციის სახლთან 8 მარტს, 15:00 საათზე.
მოდი და დაიცავი ყველა ქალის უფლება! - წერენ აქციის ორგანიზატორები.
წყარო: alt-info.com