საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა, ჟურნალისტებთან ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა.
"სამწუხაროდ მხოლოდ პირველადი ინფორმაცია გაგვაჩნია, რუსეთის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რომ ეხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. ჩვენ მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს და მოლოდინის რეჟიმში ვიმყოფებით, ყოველ წუთს ველოდებით შეტყობინებას არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების შესახებ. მე მოვისმინე მთავრობის განცხადებები, ჩვენ გვაქვს ჩვენეული ვერსიები და მიგვაჩნია, რომ კვირის ბოლო არის ცხედრის გადმოსვენების ბოლო ვადა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა
მიქაელ ბოტკოველმა ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე სიტუაცია უკონტროლოა.
"ისეთი ჩაკეტილი რეჟიმი როგორიც ე.წ სამხრეთ ოსეთშია სხვაგან ვერსად შევხვდებით. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია ამ რეგიონიდან არ გვაქვს. რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხს, ვადების ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ წერილის გაგზავნა რუსეთის საპატრიარქოსთვის მიუღებელი იქნება. განმეორებით ასეთი ფორმით წერილს ვეღარ გავაგზავნით. ამ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ რეაგირება ვერ მოხდა ან რუსეთის საპატრიარქო უძლური აღმოჩნდა", - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა
სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მიხეილ ჯანგიშერაშვილი